"არმიამ" გრანდ ლიგაში "ავერსთან" სამი ქულა აიღო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გრანდ ლიგაში ერთმანეთს „არმია“ და „ავერსი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება „ძალოვნებს“ დარჩათ, ანგარიშით 3-1. შეხვედრაში პირველი ბესო სოკურაშვილის გოლით „ფარმაცევტები“ დაწინაურდნენ. გოჩა ჯიქიამ წონასწორობა მალევე აღადგინა, შმაგი ჭოხონელიძემ კი სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში საბოლოო შედეგი ნადიმ კახაძემ დააფიქსირა.
ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. „მთავარმა არხმა“ „ტერაბანკთან“ კარი მშრალად შეინახა, მეტოქე 4-0 დაამარცხა და ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. „ჟურნალისტებმა“ მეტოქეს ოთხივე გოლი პირველივე ტაიმში გაუტანეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბესო სოკურაშვილი, ავერსი: „დაძაბული თამაში გამოვიდა. ვიცოდით ვის ვეთამაშებოდით. ძლიერი გუნდია „არმია“ და გამოცდილება აქვთ ამ ლიგაში თამაშის. მიუხედავად იმისა, რომ წინ გავიყვანეთ ანგარიში, ველოდებოდით მეტოქისგან საფრთხეს, რაც გამართლდა. ჩვენც გვქონდა მომენტები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა“.
ნადიმ კახაძე, არმია: „ნამდვილად კარგი თამაში იყო. კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. ორმხრივი შეტევები იყო. ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა და გამოვიყენეთ კიდეც. უფრო კარგი თამაშიც შეგვეძლო, მაგრამ ეს ხანგრძლივი შესვენების ბრალია. იმედია, გამოვასწორებთ. მეტოქეზე ცოტა მეტი გამოცდილება გვაქვს და ამით ვაჯობეთ“.
საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები არენა 2-ში დღის ბოლომდე გაიმართება.