BSC-მ "რუსთავთან" იმარჯვა და ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მეცხრე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. „ბათუმის სპორტული ცენტრი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა, დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ სრული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 6-0 იმარჯვა.
BSC-მ „რუსთავთან“ მოპოვებული ქულებით ცხრილში მეხუთე ადგილი გაინაღდა და 1/4 ფინალში „აწსუ“-ს დაუპირისპირდება.
პირველი ტაიმი „ბათუმელებმა“ ლუკა ჩარგეიშვილის გოლით მოიგეს. ანგარიში ოცდამეთერთმეტე წუთამდე უცვლელი იყო. „რუსთავი“ წონასწორობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ მეტოქემ თამაშში გარდატეხა შეიტანა და დარჩენილ დროში სხვაობა სოლიდური გახადა. „BSC“-ს რიგებიდან საუკეთესო გოლით და სამი შედეგიანი გადაცემით რომან იუსუბოვი იყო. დუბლი გაიფორმა მოსე ჩიქიროვმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
რომან იუსუბოვი, BSC: „ამ თამაშისთვის ვემზადებოდით. მოგება გვჭირდებოდა ძალიან, რადგან პლეი-ოფისთვის მეხუთე ადგილზე გვინდოდა გასვლა. შედეგიც გამოიღო მომზადებამ და გავიმარჯვეთ. პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ კარგად, არეულობა იყო და ვერ შევთამაშდით. შემდეგ უკვე მწვრთნელი გვესაუბრა, რაც შედეგზეც აისახა. „აწსუ“-ს კარგი სერია აქვს და მოლოდინებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადებით და პარკეტზე გადაწყდება ყველაფერი“.
ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი, მეთოთხმეტე ტური არენა 2-ში 9 მარტს გაიმართება.