"სასკოლო ლიგის აკადემიამ" "მათემატიკოსებთან" იმარჯვა!

ყველა სიახლე
02 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

„სასკოლო ლიგის აკადემიამ“ დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ „კომაროვი“ 8-3 დაამარცხა.

ანგარიში მეათე წუთზე „მათემატიკოსებმა“ გახსნეს. რამდენიმე წამში მეტოქემ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა. ტაიმის დასრულებამდე „კომაროვმა“ ანგარიში 2-2 გახადა, მაგრამ მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე „სასკოლო აკადემია“-მ  უპირატესობა მოიპოვა და ზედიზედ ხუთი გოლი გაიტანა. ბოლო წუთებზე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. შეხვედრაში საუკეთესო ილია გოგოხია-ხატისკაცი იყო, რომლის ანგარიშზეც ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ილია გოგოხია-ხატისკაცი, ს.ლ. აკადემია: „თავიდან ნამდვილად ძნელი იყო, რადგან მეორე ნომრად თამაშობდა მეტოქე, სულ დაცვაში იყვნენ. რთული იყო გოლის გატანა, მაგრამ მეორე ტაიმში მეტი მოტივაციით გამოვედით. თავიდანვე რომ შევყარეთ გოლები მერე უკვე მეორე სუნთქვა გაგვეხსნა. საბოლოო ჯამში მომეწონა თამაში. პირველ ტაიმში კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია მეტოქემ, შემდეგ უკვე დაღლილები იყვნენ და ჩვენ გამძლეობით ვაჯობეთ. უჭირდათ სირბილი და მოვიგეთ ამით. ჩემს თამაშს ათიდან ექვსი ქულით შევაფასებდი“.

ტურის სხვა შეხვედრაში „გრანდ ავლაბარმა“ „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ დიდი ანგარიშით, 13-2, დაამარცხა. პირველი ტაიმი სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერმა ექვსბურთიანი უპირატესობით მოიგო. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. „გრანდ ავლაბარის“ მხრიდან ხუთი გოლი გიორგი ქსოვრელის სახელზეა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა გიორგი აირაპეტიანმა, დუბლი შეასრულა აკაკი ძნელაძემ.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის დარჩენილი ორი შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-შ 2 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024