"ენერგო-პრო"-მ სანახაობრივ შეხვედრაში "საქართველოს ბანკს" სძლია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის მეექვსე ტურის მატჩით გაგრძელდა. სატურნირო ცხრილის ლიდერი „ენერგო-პრო“ „საქართველოს ბანკს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა.
ლაშა ნინიკაშვილისა და ლუკა გოგუაძის გოლებით „ენერგეტიკოსებმა“ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევრის პირველივე წუთზე დავით კაკუბერმა სხვაობა შეამცირა, ოცდამეთოთხმეტე წუთზე კი ავტო-გოლით ანგარიში გათანაბრდა. თამაშის დასრულებამდე ილია თოლორდავას გადაცემა თეიმურაზ ჯაფარიძემ შედეგიანად გამოიყენა და „ენერგო-პრო“-მ მორიგი ქულები მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ილია თოლორდავა, ენერგო-პრო: „ასეთი რთული თამაში მოსალოდნელი იყო ნამდვილად. ვემზადებოდით სპეციალურად და ეს ყველაფერი მატჩის დასაწყისში აისახა. წავიყვანეთ ანგარიში. მეორე ტაიმში ცოტა ავირიეთ. საბოლოოდ მაინც ვიპოვეთ ჩვენი თამაში და რაც გვსურდა ის მივიღეთ. არა ერთხელ მოგვიწია მსგავსი სცენარი, სადაც ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი დაგვჭირვებია და ამ გამოცდილებამ თავისი ქნა“.
გიორგი წივილაშვილი, BOG: „მოლოდინმა გაამართლა, დაძაბული თამაში იყო. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ გადავლახეთ ეს ეტაპი. ბოლომდე ვიბრძოლეთ. კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით, უბრალოდ არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, თანაბარი ორთაბრძოლა იყო. უბრალოდ მათ უფრო გამოიყენეს მომენტები, ვიდრე ჩვენ. საბოლოო ჯამში კარგი თამაში იყო“.
ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. ერთმანეთს „ბანკი ქართუ“ და „ავერსი“ დაუპირისპირდნენ. „ავერსმა“ საწყის სამ წუთში მიღებულ ორ გოლს მეორე ტაიმში უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლო წუთზე ავთანდილ ბუიღლიშვილმა დუბლი შეასრულა და თამაში „ბანკირების“ სასარგებლოდ 3-2 დასრულდა.
A და B ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრები არენა 2-ში დღის ბოლომდე გაგრძელდება.