"დინამო"-მ "თსუ2"-თან ბოლო წუთებზე გაათანაბრა და ოთხმატჩიანი მშრალი სერია დაასრულა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცამეტე ტურის დაპირისპირება „თსუ 2“-სა და „დინამო თბილისს“ შორის დაძაბული გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 4-4.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდი შემადგენლობაში მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა. მიუხედავად ამისა, თამაში უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა.
„სტუდენტები“ მეორე წუთზე დაწინაურდნენ. „დინამო“-მ წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. გეგა კოშაძემ აქტივში საგოლე გადაცემასთან ერთად დუბლიც ჩაიწერა და ანგარიში 3-2 გახადა. ტაიმის მიწურულს ილარიონ ფიფიამ, რომელიც ნიკა ნოზაძის დისკვალიფიკაციის გამო „თსუ“-ს კარს იცავდა, გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში ლაშა-გიორგი ობოლაძის ორი შედეგიანი გადაცემით გიგა ლაგაზაშვილმა და ჯემალ კვირიკაშვილმა ოთხმატჩიანი მშრალის სერიის შემდეგ „დინამოსთვის“ ქულის მოპოვება შეძლეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გეგა კოშაძე, თსუ 2: „მართლაც რთული და დაძაბული თამაში იყო. ჩემი აზრით, რაღაც ასპექტებში უპირატესობა გვქონდა. დასანანი გოლები გავუშვით და ეს შედეგიც ამიტომ მივიღეთ. მთავარი მეკარე გვაკლდა და რაც შევძელით ეს იყო. ბოლოს სასწაული პასით გაიტანეს გოლი, აპლოდისმენტებს იმსახურებენ ჩემი მხრიდან. კარგი თამაში იყო. მეც არ ვიყავი ფორმაში, დაახლოებით ათი დღე გამიცდა, არ მივარჯიშია. ვეცდებით „ქუთაისისთვის“ მოვემზადოთ და თამაში მოვიგოთ“.
ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „სუსტი შემადგენლობით ვართ ამ ეტაპზე, ბიჭები გვაკლია. ბოლომდე ვიბრძოლეთ მაინც თითოეული მომენტისთვის. ფრე თსუ-სთან კარგი შედეგია. პლეი-ოფებისთვის დაგვიბრუნდებიან მოთამაშეები და ფინალისთვის ვიბრძოლებთ. მოწინააღმდეგის მეკარის არყოლა სტაბილურად ვერ გამოვიყენეთ, ბევრი მომენტები გვქონდა გასატანი და არ გავიდა სამწუხაროდ. ანგარიში ასახავს თანაბარ ბრძოლას“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის დასკვნით მატჩში „ევროპის უნივერსიტეტი“ საქართველოს უნივერსიტეტს“ ეთამაშება.