"თბილავიამშენმა" "სფეისს" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით სძლია!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა „თბილავიამშენსა“ და „სფეისს“ შორის დაძაბული გამოდგა.

„სფეისმა“ თამაშში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ „თბილავიამშენმა“ ოცდამეთვრამეტე წუთზე გატანილი გოლით 3-2 მოიგო და ჩემპიონატში სადებიუტო გამარჯვება იზეიმა.

„ინჟინრები“ წინ მეათე წუთზე გავიდნენ. ტაიმის მიწურულს „სფეისმა“ წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე მიღებულ კიდევ ერთ გოლს კვლავ დავით უგრეხელიძემ უპასუხა და ანგარიში 2-2 გახადა. თამაშის დასრულებამდე საბა საბანაძემ დუბლი შეასრულა და „თბილავიამშენს“ პირველი გამარჯვება მოუტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა საბანაძე, თბილავიამშენი: „ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ქულა ქულაში მიდიოდა თამაში. ბურთი ბურთზე შევაგდეთ. მე მგონი, მაყურებელმაც ისიამოვნა. პირველი გამარჯვებაა. წინაზე ფრე ვითამაშეთ „მთავარ არხთან“. კარგი მეტოქე გვყავდა, მობილიზებული, დაცვაშიც კარგად ითამაშეს. მეკარეც განსაკუთრებული ჰყავდათ. ცოტა შეტევაში განვითარება გვინდა და შემდეგში უკეთესები ვიქნებით. ორი ათმეტრიანი ვერ გამოვიყენეთ, ვერ გადავწყვიტეთ უბრალოდ რომელს დაგვერტყა და გაურკვევლობაში ვიყავით“.

დავით უგრეხელიძე, სფეისი: „ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, რასაც ველოდებოდით პრინციპში. მოწინააღმდეგემაც ძალიან მაგრად ითამაშა. ჩვენ ბოლომდე ისე ვერ წაგვივიდა, როგორც გვინდოდა. ვულოცავ ბიჭებს დამსახურებულ მოგებას, თან პირველი გამარჯვება იყო მათთვის. ბოლომდე ვერ წაგვივიდა თამაში, თან იღბლის მომენტიც იყო, არ ველოდით ასეთ დაძაბულ თამაშს და წავაგეთ საბოლოოდ“.

საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024