გრანდ ლიგაში "ავერსმა" "ინვესტორსაინთან" იმარჯვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გრანდ ლიგაში „ავერსმა“ პირველი გამარჯვება „ინვესტორსაინთან“ იზეიმა და მეტოქე 4-1 დაამარცხა. პაატა ლეჟავამ და ბესო სოკურაშვილმა არასრულ ერთ წუთში ერთმანეთს თითო გოლი გაატანინეს და „ფარმაცევტები“ წინ ორი ბურთით გავიდნენ. მეთოთხმეტე წუთზე ლაშა ლაზარაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მეორე ტაიმში გიორგი მელანაშვილმა კარიერის პირველი გოლი გაიტანა და სხვაობა გაზარდა. საბოლოო ანგარიში გიორგი ელიაშვილმა დააფიქსირა.
ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაშიც. „ბაზისბანკმა“ მორიგი გამარჯვება „ტერაბანკთან“ მოიპოვა და უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს. „ბანკირების დერბი“ 8-0 დასრულდა. „ბაზისბანკმა“ ტაიმი ხუთი უპასუხო გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კარი მშრალად შეინახა და უპირატესობა სოლიდური გახადა. შეხვედრაში დუბლი გიორგი პაპოშვილმა და შოთა ბადალოვმა გაიფორმეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი მელანაშვილი, ავერსი: „დაძაბული თამაში გამოვიდა. ჩემთვის პირველი გოლი იყო ოფიციალურ თამაშში. მოვიგეთ, მაგრამ რაღაც ხარვეზები გვქონდა. დღეს ჩვენი გეგმა სამი ქულა გახლდათ. მივაღწიეთ მიზანს და ბედნიერები ვართ. ყოველი თამაში ჩვენთვის ახალი გამოცდილებაა. გუნდის ბევრი წევრი ჩვეულებრივ შეხვედრებში უკეთესად თამაშობს, მაგრამ ოფიციალურ მატჩში რაღაც ფსიქოლოგიური ფაქტორი აქვთ, დაძაბულები არიან და შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ ავლენენ, რაც გამოსასწორებელია“.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები დღის განმავლობაში გაიმართება.