ლიგა 2-ში “გორელების“ შედეგიანი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2024

ლიგა 2-ში “გორელების“ შედეგიანი სერია გრძელდება!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტური „გორი“-სა და „თსუ 2“-ის დაპირისპირებით დასრულდა. „გორელებმა“ „სეუ“-ს შემდეგ „თსუ“-ც დაამარცხეს და შედეგიან სერიას ზედიზედ მეოთხე ტურია აგრძელებენ.

„სტუდენტებმა“ შემადგენლობაში დანაკლისის მიუხედავად მეტოქეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს და შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ 5-2 დამარცხდნენ.

„გორმა“ პირველი ტაიმი 2-1 მოიგო. ოცდამეშვიდე წუთზე გრიგოლ ბოხაშვილმა თამაშში წონასწორობა მეორეჯერ აღადგინა. გიორგი ქურციკიძემ ოცდამეთორმეტე წუთზე დუბლი გაიფორმა და „გორი“ კვლავ წინ გავიდა. მეკარის გაგდების შემდეგ კაცნაკლულ „თსუ“-სთან მეტოქემ სხვაობა ვერ გაზარდა, მაგრამ ბოლო წუთზე „გორელებმა“ ორი გოლის გატანა შეძლეს და კომფორტული ანგარიშით იმარჯვეს.

„გორის“ რიგებიდან საუკეთესო დუბლით და ერთი შედეგიანი გადაცემით ნიკოლოზ სულთანიშვილი იყო.

ნიკოლოზ სულთანიშვილი, გორი: „ვულოცავ ჩემს გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. სატურნირო ცხრილისთვის ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ. თსუ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. სასიხარულოა გამარჯვება. აღვნიშნავ, რომ მათი კაპიტანი, გეგა კოშაძე, რომელიც გუნდის ლიდერია, აშკარად აკლდათ დღეს. ამანაც იმოქმედა. ჩვენი ტაქტიკა თავიდანვე ზეწოლით თამაში იყო, მათთვის თავისუფლება არ უნდა მიგვეცა. ვფიქრობ, მეტნაკლებად შევძელით ეს ორივე ტაიმში“.

გრიგოლ ბოხაშვილი, თსუ 2: „თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. შემადგენლობის მხრივ რაღაც პრობლემები გვქონდა. მთავარი წევრი გვაკლდა. ვეცადეთ ბოლომდე გვებრძოლა. საბოლოო ჯამში ძალები არ გვეყო. ჩვენი მთავარი მიზანია ტიტული დავიცვათ. მეკარე რომ არ გაეგდოთ, ვფიქრობ, რომ მინიმუმ გავათანაბრებდით. შემდეგ თამაშში გეგა კოშაძეც დაგვიბრუნდება და მთელი ძალებით შევეცდებით გავიმარჯვოთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტური 20 თებერვალს გორში დაიწყება და 24 თებერვალს თბილისში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024