"ბსსა"-მ "ჯიპა"-სთან თამაში სამჯერ შემოატრიალა და ბოლო წამებზე იმარჯვა!

ყველა სიახლე
16 თებერვალი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები „ჯიპა“-ს და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირებით გაგრძელდა.

გარდამავალი უპირატესობით სავსე მატჩი „ბსსა“-ს სასარგებლოდ 7-6 დასრულდა და „ჯიპა“-მ ცხრილში პირველობა დაკარგა.

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2. ოცდამეათე წუთზე „მეზღვაურები“ ორი ბურთით აგებდნენ, მაგრამ გუნდმა თამაშში დაბრუნება შეძლო, მეტოქეს ზედიზედ სამი გოლი გაუტანა და წინ გავიდა (5-4). ოცდამეცხრამეტე წუთზე ნიკოლოზ ბოლქვაძემ დუბლი შეასრულა და „ჯიპა“-ს უპირატესობა დაუბრუნა. ბოლო წუთზე „ბსსა“-მ წონასწორობა პენალტით აღადგინა, საფინალო სირენამდე ხუთი წამით ადრე კი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით თამაში მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ ბოლქვაძე, ჯიპა: „კარგი თამაში იყო. ასეთ შეხვედრას ველოდით. წინაც და უკანაც ბევრი შეცდომა გვქონდა. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რაც ცუდია. მართლა ღირსეული თამაში იყო. გულშემატკივარმაც ისიამოვნა. ვეცდებით უფრო კარგად ვითამაშოთ. დაძაბულობა იყო ბოლო წუთებში. ხუთზე შემოგვიტიეს. ვერ ვიყავით ამისთვის შესაბამისად მზად. ვფიქრობ, პენალტი არ უნდა დადებულიყო, მიდებულ ხელზე მოხვდა მოთამაშეს. ათმეტრიანი ნამდვილად იყო. ტიფლისთან დაგვრჩა ერთი თამაში და იქ გადაწყდება ლიდერი ვინ არის“.

მალხაზ შამილაძე, ბსსა: „პირველ რიგში, ასეთ თამაშს მივულოცავ საერთოდ ფუტსალის ლიგას. ძალიან მაგარი მატჩი იყო. მინდა მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. ბრძოლამ მოგვაგებინა დღეს და ცოტა იღბალიც ჩვენ მხარეს იყო. ბათუმიდან როცა ჩამოვდივართ, მხოლოდ მოგებისთვის ვთამაშობთ. ეს გვეტყობა კიდეც. ფრეს არ ვჯერდებით. ყოველთვის შეტევაში ვცდილობთ წასვლას. ამის გამო ხშირად ვისჯებით, მაგრამ ბოლო პერიოდში ამას შედეგი მოაქვს. მეორე წრეში ახალი გუნდი ვართ. არავინ გვყავს დამატებული და მხოლოდ უნივერსიტეტს წარმოვადგენთ. ნახევარ გუნდს ახლა უწევს ფუტსალის სწავლა. პროგრესი სახეზეა. დღეს შვიდი გოლი გავუშვით და ალბათ დაცვას უნდა მივხედოთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეთერთმეტე ტურის 17 თებერვალს „ბათუმის სპორტული ცენტრისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024