"ტიფლისმა" "UG2"-ს დიდი ანგარიშით სძლია!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეათე ტურის დასკვნით მატჩში „ტიფლისმა“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ უშანსოდ დატოვა და 7-0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მეთორმეტე წუთზე გაიხსნა და „ტიფლისმა“ „UG 2”-ს ოთხი უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა. მეორე ნახევარში საბა ეგრისელაშვილმა საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში მესამე გოლიც მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. დუბლი გაიფორმა ლაშა ჯიქიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, ტიფლისი: „ანგარიშში მართალია დიდი სხვაობაა, მაგრამ UG კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, პლეი-ოფისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ძალა და ყველასთვის არასასურველი მეტოქე იქნება. თამაშის ხასიათს არ ასახავდა ანგარიში. თავიდანვე გატანილმა გოლებმა უპირატესობა მოგვცა და ამის შემდეგ გავზარდეთ ასე სხვაობა. წინა შეხვედრაში წავაგეთ და დღეს უფრო მონდომებულები გამოვედით, რომ გვეთამაშა უკეთესად, ქულებიც გვჭირდებოდა. ცხრილში პოზიციებიდან გამომდინარეც მეტი მონდომებით გამოვედით და ეს იყო მთავარი მიზეზი გამარჯვების“.

მირიან ჯანგავაძე, UG2-ის მთავარი მწვრთნელი: „მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ რაღაც მომენტში და ამან გამოიწვია ზედიზედ რამდენიმე გოლი, რის შემდეგაც გუნდი გატყდა. ტიფლისი ძალიან კარგი ბიჭებით არის დაკომპლექტებული. ამით ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, ვემზადებით პლეი-ოფისთვის. ცუდია წაგება, მაგრამ ვინ იცის, შეიძლება შემდეგ ეტაპზე კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. წინა ტურში ერთ-ერთ წამყვან გუნდთან, ჯიპასთან, ძალიან რთულ თამაშში მოვიგეთ, ამიტომ არ მგონია, რომ დღეს „ტიფლისთან“ რაიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი ჰქონოდა გუნდს. „ტიფლისის“ ფეხბურთელებს ბევრად მაღალი კლასი აქვთ და ამან გადაწყვიტა ყველაფერი“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები 16 და 17 თებერვალს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024