"ჯიპა"-მ "BSC"-სთან მეორე წრეშიც იმარჯვა!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეათე ტური „ჯიპა“-ს და „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს დაძაბული მატჩით გაგრძელდა.

სანახაობრივ შეხვედრაში „ჯიპა“-მ მეტოქე 3-1 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველობა შეინარჩუნა.

„სტუდენტები“ წინ გიგა ესიტაშვილის გოლით გავიდნენ. მეცხრამეტე წუთზე სხვაობა ორამდე თორნიკე ზოიძემ გაზარდა. ტაიმის მიწურულს მოსე ჩიქიროვმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ოცდამეექვსე წუთზე „ჯიპა“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მეტოქემ უპირატესობა ვერ გამოიყენა და თამაშის დასრულებამდე გიორგი ტაბახმელაშვილმა ანგარიში 3-1 გახადა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან გიგოიძე, ჯიპა: „ამ ლიგაში ყველა გუნდი თანაბრად ძლიერია და ადვილი მეტოქე არ არსებობს. მეორე სეზონია უკვე და ყველა გუნდი ახალ სტილს და სათამაშო სქემას ამუშავებს. ყველა ადგილოსანთან თანაბრად გავდივართ. ასეთი შეხვედრის მოლოდინი გვქონდა. რთული თამაში იყო, სახიფათო შეტევები ჰქონდა მოწინააღმდეგეს და კარგი დარტყმები, რისი მოგერიებაც მომიწია. წარმატებები მათ მომდევნო ეტაპებზე“.

დიმიტრი მეფარიძე, BSC: „შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ბევრი საგოლე მომენტი იყო. დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო „ჯიპა“-ს მიმართ. ჩვენი გუნდი დებიუტანტია, ძირითადად ბავშვები არიან და მათთვის ახალია ფუტსალი. აუცილებლად დაიხვეწება „BSC” და იტყვის თავის სათქმელს. ბევრი ბურთის აღება მომიწია, მაგრამ როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არ არის და მაინც წავაგეთ. ის რომ უპირატესობით შეტევისას გოლის გატანა ვერ შევძელით, გამოუცდელობის ბრალია. იყო დასარტყმელი მომენტები. ჩვენს მწვრთნელს მინდა მადლობა გადავუხადო, ლევან ნადარაიას, რადგან ასე მოკლე დროში ძალიან ბევრი შეძლო“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეათე ტურის დასკვნით მატჩი „ტიფლისი“ „UG2”-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024