UG-მ „თსუ 2“-ს ცხრილში პირველობა წაართვა!

ყველა სიახლე
09 თებერვალი 2024

UG-მ „თსუ 2“-ს ცხრილში პირველობა წაართვა!

ფუტსალის ლიგა 2-ს ახალი ლიდერი ჰყავს. 2023/24 წწ. სეზონის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „თსუ 2“ დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.

მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ოცდამეხუთე წუთზე გიორგი ტიკურიშვილმა „UG“-სთვის გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2021/22 წწ. სეზონის შემდეგ UG-მ „თსუ 2“-ის დამარცხება ლიგა 2-ში პირველად შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: „ჩემი აზრით, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვის მხრივ. კაცნაკლულები ვართ, ამიტომ გვიწევს დაცვაში თამაში და კონტრშეტევებზე აქცენტი. ბევრს გვირტყამენ კარში და ამიტომ ცოტა რთულია ჩვენთვის თამაშების მოგება. გოლის მერე მოგვიწია შეტევაზე გადასვლა. საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა. მომენტები შევქმენით. მოწინააღმდეგემ მეტად მოინდომა, ჩვენც რაღაცებში დავაკელით და შესაბამისად, მოიგო მეტოქემ“.

სპარტაკ ლომიძე, UG: „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ჩვენთვის „თსუ“ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია. დიდი ხანია ამ გუნდს ვერ ვუგებთ. ახალი წევრებით გავძლიერდით და ჩემი აზრით, წელს ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი ვართ. „თსუ“ აქ ყველაზე გამოცდილია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათ რაოდენობას. შეიძლება რამდენიმე მოთამაშე ჰყავდეთ მხოლოდ სათადარიგოზე და ამის მიუხედავად, ნებისმიერ გუნდთან ანგარიშგასაწევი ძალა იყვნენ. „სეუ“-ს ზედიზედ წაგებები ჩვენთვის დადებითად აისახა. პირველ ადგილზე გადავედით და ვეცდებით შევინარჩუნოთ პირველობა“.

ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „გორი“ ეთამაშებიან.

 



  © SBM, 2016-2024