"თბილავიამშენმა" პირველი ქულა "მთავარ არხთან" მოიპოვა!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები „მთავარი არხი“-სა და „თბილავიამშენი“-ს დაპირისპირებით დასრულდა.

დაძაბულ მატჩში “თბილავიამშენმა“ ანგარიში ბოლო წამებზე 2-2 გახადა და პირველი ქულა მოიპოვა.

„თბილავიამშენმა“ ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე გახსნა. „ჟურნალისტებმა“ წონასწორობა მეორე ნახევრის სტარტზე გიორგი ნერგაძის გოლით აღადგინეს, ოცდამერვე წუთზე კი კახაბერ ალადაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა. შეხვედრის ბოლო წუთზე საბა საბანაძემ ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა.

საკვალიფიკაციო ლიგის სხვა შეხვედრაში „ლაქტალისმა“ „ტერაბანკი“ დიდი ანგარიშით, 10-1, დაამარცხა. „ლაქტალისმა“ უპირატესობა მატჩის დაწყებიდან მალევე მოიპოვა და სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ოთხი გოლით და შედეგიანი გადაცემით დავით ქავთარაძე იყო. დუბლი გაიფორმა გიორგი ხარხელმა. „ტერაბანკის“ მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი ჯაბა ჩახნაშვილი გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა საბანაძე, თბილავიამშენი: „ძალიან კარგი მატჩი იყო. „მთავარი არხი“ ორივე დაძაბულ თამაშში დაამარცხა. ვფიქრობ, ფრე ჩვენთვის საამაყოა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ტურნირი გრძელდება, ეს საკვალიფიკაციოა და ჩემპიონობისთვის ვემზადებით. გახარებულები ვართ პირველი ქულით, მეტი შეგვეძლო და მომავალში უკეთეს შედეგს დავდებთ“.

ბექა მამაგულაშვილი, მთავარი არხი: „პროგრესი ნამდვილად გვაქვს. თამაშისთვის ძალიან მომზადებულები ვიყავით, მაგრამ ფორტუნა ბოლოს იმათკენ იყო. მიუტევებელი შეცდომა დავუშვით მატჩის მიწურულს, მაგრამ ბევრი მომენტიც გავაფუჭეთ, რაზეც სამუშაო გვაქვს. დაღლილობამაც იჩინა თავი. როცა ასეთი დაძაბული თამაშია, კონკრეტულ მოთამაშეებს უფრო ღლი. ეს ფაქტორიც იყო. მომდევნო თამაშისთვის უკვე ვემზადებით და დარწმუნებულები ვართ, მაინც ავიღებთ იმ დაგეგმილ სამ ქულას, რაც დღეს გვქონდა“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში 11 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს A და B ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024