"სეუ"-მ პირველი მარცხი "გორთან" იწვნია!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. „სეუ“-მ მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია. „სტუდენტები“ „გორმა“ დაამარცხა, ანგარიშით 4-3.
დაძაბული შეხვედრის პირველი ტაიმი „სეუ“-ს მინიმალური უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე დავით ადუაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ოცდამეშვიდე წუთზე კი „გორი“ ომარ ცარიელაშვილის გოლით წინ გავიდა (2-1). სხვაობა სამ ბურთამდე ილია ლუკაშვილმა და ნიკოლოზ სულთანიშვილმა გაზარდეს (4-1). შეხვედრის უკანასკნელ ორ წუთში „სეუ“-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (4-3), მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია. „სტუდენტების“ რიგებიდან სამივე გოლი ზაქრო მირზაშვილის სახელზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ზაქრო მირზაშვილი, სეუ: „ახლა დაიწყო მეორე წრე. ახალი ბიჭები გვყავს და ცოტა შეუთამაშებლობა იყო. ოთხი კაცით თამაში რთულია. გაგვიჭირდა კომბინაციური თამაში. ქაოსი იყო. მოულოდნელად დაგვტოვა ორმა მოთამაშემ (ნიკა ბიძინაშვილი, სანდრო ობოლაძე), გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. მათ დიდი წვლილი ჰქონდათ გუნდში და დაგვაკლდნენ. მთელი მეორე წრე წინაა. ყველაფერს ვიზამთ, რომ ერთობით და ძალისხმევით პირველი ადგილით დავასრულოთ ტური და კარგ ნოტაზე შევხვდეთ პლეი-ოფებს“.
ომარ ცარიელაშვილი, გორი: „დაძაბული თამაში იყო. სეუ კარგი გუნდია, ერთ-ერთი ლიდერია. ინდივიდუალურადაც კარგები არიან. გაგვიჭირდა, მაგრამ მოვიგეთ მაინც. ჩვენ ბრძოლას არ ვაკლებთ ხოლმე. პირველ ტაიმში გოლი არ გადიოდა, ექვსი-შვიდი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. პირველი ტაიმი წავაგეთ, მაგრამ შემდეგ გაგვიმართლა და საწყის წუთებზევე გავიტანეთ. თამაში წავიყვანეთ, მაგრამ შემდეგ მოვდუნდით ალბათ და 4-3 დაფიქსირდა“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები არენა 2-ში 9 თებერვალს გაიმართება.