"ბსსა"-მ "ტიფლისთან" სამი ქულა მძიმე ბრძოლაში მოიპოვა!

ყველა სიახლე
01 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი „ტიფლისი“ და მესამე ადგილოსანი „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ დაუპირისპირდნენ.

დრამატული მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. ოცდამეცხრამეტე წუთზე „ტიფლისმა“ ანგარიში 3-3 გახადა. „მეზღვაურებმა“ მეტოქეს ექვს წამში უპასუხეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს (4-3).

„დედაქალაქელები“ შეხვედრაში პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. მალევე „ბსსა“-მ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ტიფილისი“ ტაიმის დასრულებამდე კვლავ წინ გავიდა. მეორე ნახევრის სტარტზე „ბათუმელებმა“ ანგარიში გაათანაბრეს, ოცდამეცამეტე წუთზე კი უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩის ბოლო წუთები განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. საბა ეგრისელაშვილმა აქტივში დუბლი მიითვალა, რითაც „ტიფლისი“ ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ რაულ ჩიკიროვის გოლით „ბსსა“ შინ გამარჯვებული დაბრუნდა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეათე ტურის შეხვედრები სპორტ კომპლექს არენა 2-ში 10 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024