ორმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ "ბსაა"-მ "რიწა"-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
28 იანვარი 2024

ორმატჩიანი მშრალი სერიის შემდეგ

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სასტარტო მატჩში ერთმანეთს „რიწა“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ დაუპირისპირდნენ. მინიმალური ანგარიშით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „ბსსა“-მ თამაში შემოატრიალა და 3-1 იმარჯვა.

მეცხრე წუთზე „რიწა“ ლუკა გოგოხიამ დააწინაურა. „მეზღვაურების“ რიგებიდან მეორე ნახევარში წონასწორობა რაულ ჩიკიროვმა აღადგინა, ზვიად შამილაძემ კი გუნდი წინ გაიყვანა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე მალხაზ შამილაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ბსსა“-მ ორმატჩიანი წარუმეტებელი სერიის შემდეგ სამი ქულა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა გოგოხია, რიწა: „იქიდან დავიწყებ, რომ ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ორივე გუნდი ბრძოლაში იყო ჩართული და მოგება გვინდოდა. პირველ ტაიმში ჩვენ მიგვყავდა თამაში, მაგრამ შემდეგ ცოტა მოვდუნდით, დავიღალეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. ჯერ კიდევ ნელ-ნელა ვსწავლობთ ფუტსალის თამაშს. გარე მოედანზე გვაქვს ვარჯიში და როცა აქ შემოდიხარ, სხვანაირად გრძნობ ფეხებს, უფრო მალე გეღლება“.

ზვიად შამილაძე, ბსსა: „როგორც მოველოდით რთული შეხვედრა იყო. მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი თამაში პირველ ტაიმში რაც შეგვიძლია იმის ნახევარიც არ იყო. შემდეგ უფრო დავალაგეთ ყველაფერი. ბურთის კონტროლი გვქონდა. მთელი მეორე ტაიმი მათ ნახევარზე მიმდინარეობდა თამაში. ჩვენ ყველა შეხვედრაში მოსაგებად გამოვდივართ და ამას შემდეგ მატჩში, ტურნირის ლიდერებთანაც დავამტკიცებთ“.

არენა 2-ში დღის განმავლობაში ფუტსალის ლიგა 3-ის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024