ლიგა 2-ში X ტურის შემდეგ კვლავ „თსუ 2“ ლიდერობს!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერად კვლავ „თსუ 2“ რჩება, რომელმაც უშუალო კონკურენტ „სეუ“-სთან ფრე, 2-2, ითამაშა.
„სტუდენტური დერბი“ „სეუ“-ს დომინაციით წარიმართა. სანდრო ობოლაძემ გუნდი მეოთხე წუთზე დააწინაურა, ლუკა ბერიაშვილმა კი უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში ავტოგოლით სხვაობა მინიმალური გახდა. ოცდამეათე წუთზე კი ილარიონ ფიფიამ წონასწორობა აღადგინა და მხოლოდ ორი სათადარიგო მოთამაშით მყოფმა „თსუ“-მ მნიშვნელოვან მატჩში ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა.
ტურის სხვა შეხვედრაში 5-1 დაამარცხა „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „დინამო თბილისი“. პირველი ტაიმი „სტუდენტებმა“ სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ოცდამერვე წუთზე კახა მაღლაკელიძემ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ UG-მ კიდევ ორი გოლი გაიტანა და „დინამო“ მეორე წრეშიც კომფორტული ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი გიორგი ტიკურიშვილმა გაიფორმა.
ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაასრულა „ილიაუნი 2“-მა, რომელმაც შვიდმატჩიანი პაუზის შემდეგ გამარჯვება „ევროპის უნივერსიტეტთან“ მოიპოვა. EU მეშვიდე წუთზე დაწინაურდა. „ილიაუნიმ“ წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ ორი ბურთით გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზე დავით ბაბუციძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და EU მეტოქეს მიუახლოვდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი 3-2 დასრულდა.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები 6 და 9 თებერვალს გორსა და თბილისში გაიმართება.