"სეუ" ფუტსალის ლიგის თასისთვის ბრძოლაში ჩაებმება!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის გუნდებს შორის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. 20 და 21 იანვარს გამართული შეხვედრების შედეგად, თასზე შემდეგი გუნდები ითამაშებენ: „გორი“, „ქუთაისი 2“, „საქართველოს უნივერსიტეტი“, „ევროპის უნივერსიტეტი“, „დინამო თბილისი“, „ტიფლისი“, „ჯიპა“ და „სეუ“.

ფუტსალის ლიგის თასის 1/8 ფინალში მოსახვედრ უკანასკნელ საგზურს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ დაეუფლა. „სეუ“-მ დაძაბულ შეხვედრაში „ილიაუნი 2“ 2-0 დაამარცხა.

გარდამავალი და ორმხრივი მომენტებით სავსე უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „სტუდენტურ დერბიში“ ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზე ლუკა ალანიამ გახსნა. ოცდამეთერთმეტე წუთზე ნიკა ბიძინაშვილმა აქტივში მეორე შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სანდრო ობოლაძის გოლით „სეუ“-მ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცხვედიანი, სეუ: „წლის პირველი თამაში ყოველთვის მძიმეა. ისეთი დაძაბული შეხვედრა იყო, როგორსაც ველოდით. თავიდანვე ვფიქრობდით, რომ გავიმარჯვებდით და ეს ძალიან დაგვეხმარა. გულშემატკივრები ყველა თამაშში მხარში გვიდგანან და მათი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს გამარჯვებაში. პირველ რიგში მათ ეძღვნებათ ეს შედეგი. ჩემთვისაც ნამდვილად მძიმე მატჩი გამოდგა. ფორმაში შესვლა გვჭირდება. თასზე მაქსიმალურად შორს გვინდა წავიდეთ“.

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „წარმოუდგენლად მოტივირებადი ატმოსფერო იყო. მადლობას ვუხდი როგორც ჩვენს, ასევე სეუ-ს გულშემატკივრებს. ორივე თავიანთ გუნდს ამაყად ამხნევებენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში. საწყის წუთებში გვქონდა გარკვეული უპირატესობა, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ. შემდეგ „სეუ“-მ იგდო მატჩის სადავეები ხელთ და მთელი თამაში ასეთი ინტენსივობით მიდიოდა. ასპროცენტიანი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლიგაზე გადავერთვებით და ქულებს დავაგროვებთ, რათა პლეი-ოფში ამაყად გავიდეთ. დღეს ყველა ასი პროცენტით დაიხარჯა, მაგრამ თამაშია და ასეც ხდება“.

საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებულ რვა გუნდთან ერთად ტიტულის მოსაპოვებლად ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდები იბრძოლებენ.  1/8 ფინალური წყვილები ბრმა წილისყრის შედეგად გამოვლინდებიან.



  © SBM, 2016-2024