"ჯიპა"-მ "BSC"-სთან გამარჯვებით თასზე თამაშის უფლება მოიპოვა!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2024

„ჯიპა“-მ საქართველოს ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმის სპორტული ცენტრი“ 5-2 დაამარცხა და 1/8 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გიორგი ხუგაშვილმა „სტუდენტები“ მესამე და მეათე წუთზე გატანილი გოლებით წინ გაიყვანა. მალევე სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა. ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და 4-1-ზე გაიყარნენ. საბოლოო ანგარიში შეხვედრის უკანასკნელ ორ წუთში დაჩი საღარაძის (ჯიპა) და მოსე ჩიქიროვის (BSC) გატანილი გოლებით დაფიქსირდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ხუგაშვილი, ჯიპა: „მეტოქე ჩვენს პროგნოზებთან შედარებით ბევრად უფრო მებრძოლი იყო. ცვლილებები ჰქონდათ შემადგენლობაში. დღევანდელი მოგება არ ყოფილა იღბალი, უკეთ მომზადებულმა გუნდმა გაიმარჯვა. უპირატესობა გვქონდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. კომბინირებულად გადავადგილდებოდით, რაც ფუტსალში მთავარია. ბევრად შეთამაშებულები ვართ. ანგარიშზეც აისახა ეს ყველაფერი. ყველა გუნდს თანაბრად ვუყურებთ და ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ წინააღმდეგობას შემდეგ ეტაპზე. ერთადერთი რაშიც შეიძლება დავიჩაგროთ, ეს გამოცდილებაა, მაგრამ ბურთი მრგვალია და ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება“.

ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „სეუ“ „ილიაუნი 2“-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024