"დინამო"-მ "UG2"-თან პენალტებში იმარჯვა და თასის 1/8 ფინალში ითამაშებს!

ყველა სიახლე
21 იანვარი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დრამატული და სანახაობრივი მატჩით გაგრძელდა.

დღის გახსნით მატჩში „დინამო თბილისი“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა და თასზე თამაშის უფლება პენალტების სერიაში (5-4) მოიპოვა.

კახა მაღლაკელიძის გოლით „ლურჯ-თეთრებმა“ ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მეორე ნახევარში „სტუდენტებმა“ სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „დინამო“-მ კიდევ გაიტანა და ბოლო წუთებამდე ორი ბურთით ლიდერობდა (3-1). თორნიკე თოდრიამ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე აქტივში მეორე გოლი მიითვალა, ბოლო წუთზე კაცნაკლულ „დინამო“-სთან კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ანგარიში 3-3 გახადა.

მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდი პენალტების სერიაში გამოვლინდა. „დედაქალაქელებმა“ „UG 2” საფეხბურთო ლატარიაში 5-4 დაამარცხეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ხარშილაძე, დინამო: „დებიუტი მქონდა დინამოში და ჩემთვის კიდევ უფრო დაძაბული თამაში იყო. პენალტებიც ისე გაგრძელდა, დამატებით თითო დარტყმაც დაგვჭირდა. ოთხი კაცით დავრჩით ბოლოს, მაგრამ საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე გადასვლა მაინც შევძელით. ბოლოს წითელმა ბარათმა შეცვალა თამაშის მიმდინარეობს. ისედაც ბოლო წუთები იყო, დაღლილები ვიყავით და პლუს კაცის გაგდება ძალიან რთული იყო ჩვენთვის. ორი გოლი გავუშვით ხუთ წუთში და არ გამოგვივიდა თავის გადარჩენა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა“.

თორნიკე თოდრია, UG2: „დღეს ყველამ კარგად დავანახეთ მაყურებელს ჩვენი ბრძოლისუნარიანობა. მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიქნებით. დღეს ფავორიტად „დინამო“ მიიჩნეოდა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე თანაბარი კონკურენცია იყო, მითუმეტეს, პენალტებამდე მოვედით. გაცუდებული ორიდან ერთი პენალტი რომ გაგვეტანა, შეიძლებოდა დაგვემარცხებინა ლიგა 2-ის გუნდი. ბოლო წუთები ხუთზე შეტევები იყო, ამაზე კარგად გვქონდა ნამუშევარი. სამით ერთიდან დაახლოებით ერთ წუთში თამაში შემოვატრიალეთ და ეს დიდი ემოცია იყო“.

დღის ბოლომდე არენა 2-ში საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრაც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024