"გრანდ ავლაბარმა" "სასკოლო აკადემიასთან" გამარჯვება მატჩის მიწურულს მოიპოვა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2023

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „სასკოლო ლიგის აკადემია“ და „გრანდ ავლაბარი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი „გრანდ ავლაბარმა“ მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. კონსტანტინე მელიქიშვილმა წონასწორობა ოცდამერვე წუთზე აღადგინა. „სასკოლო ლიგის აკადემია“ ქულის აღებასთან ახლოს იყო, თუმცა თამაშის დასრულებამდე ოცდაათი წამით ადრე გიორგი აირაპეტიანმა „გრანდ ავლაბარი“ წინ გაიყვანა, დროის ამოწურვამდე აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი აირაპეტიანი, გრანდ ავლაბარი: „ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. ჩემი ყოფილი გუნდია სასკოლო აკადემია და გამიჭირდა მათ წინააღმდეგ თამაში. ახლა დაიწყო ჩემპიონატი და ველოდებით ბევრ გამარჯვებას. ჩემი გოლებით მოვიგეთ, მაგრამ ემოციები ნაკლებად მქონდა, რადგან ყოფილ გუნდს გავუტანე და ისე არ გამხარებია, როგორც სხვა გუნდებთან გამიხარდებოდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ შედეგით. წინ კიდევ ბევრი კარგი გუნდია და რთული შეხვედრები იქნება“.

ილია გოგოხია-ხატისკაცი, სასკოლო აკადემია: „კარგი თამაში იყო, მაგრამ ნამდვილად მოსაგები გვქონდა. საკმარისი მონდომება ვერ ჩავდეთ. წინ კიდევ არის თამაშები და არა უშავს. არანაირად არ ვეთანხმები დაფიქსირებულ ანგარიშს. მეც და ბიჭებიც ბოლო წუთებში მოვდუნდით. ჩემი აზრით ერთით ერთი კარგი ანგარიში იქნებოდა. იქ ჩვენ ვერ შევაგდეთ და აქეთ გაგვივიდა გოლი. მეტი შეგვიძლია და უფრო უნდა მოვინდომოთ“.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ იანვარში განახლდება.



  © SBM, 2016-2024