"პირველმა სკოლამ" "ბეტისის აკადემია" დაამარცხა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სასტარტო მატჩში ერთმანეთს „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ და „ბეტისის აკადემია“ დაუპირისპირდნენ. „პირველმა სკოლამ“ თამაშში უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით 10-4 იმარჯვა.
პირველი ნახევარი „კლასიკური გიმნაზიის“ გუნდმა 6-2 მოიგო, საიდანაც ოთხი გოლი სოსო სააკაშვილმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ანდრია-გიორგი მესხმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
სოსო სააკაშვილი, თბ. კლასიკური გიმნაზია: „მეტოქის მონდომება იგრძნობოდა და ჩვენც იგივე დავანახეთ. პირველივე წუთებში ბევრი გოლი გავიტანეთ. ჩემი აზრით, კარგი თამაში იყო და ვისიამოვნე. დებიუტი მაქვს ფუტსალში, პირველივე შეხვედრაში ოთხი გოლი გავიტანე. ვისურვებ, რომ საქართველოში ფუტსალი კიდევ უფრო განვითარდეს. მწვრთნელმა თამაშის დაწყებამდე გვითხრა, რომ პირველ რიგში მონდომება გვენახებინა და ასეც მოვიქეცით. თავიდანვე ვაჯობეთ მეტოქეს. მეორე ტაიმში იყო დაძაბული მომენტებიც, მაგრამ ბოლოს ბევრი გოლი გავიტანეთ და თამაშს წერტილი დავუსვით“.
გიორგი დავითაძე, ბეტისის აკადემია: „ძალიან გვიხარია, რომ ამ ლიგაში გამოვდივართ. ვაპირებთ კიდევ უფრო განვვითარდეთ, როგორც დიდ ფეხბურთში, ასევე ფუტსალში. დიდი ისტორია აქვს რეალ ბეტისის აკადემიას და მთლიან გუნდს ესპანეთში, საქართველოშიც არის ასეთი აკადემია. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც ვაპირებთ რეალ ბეტისის სახელის გაგრძელებას. ჯერ-ჯერობით ვეგუები ამ სპორტს, პირველი გოლი გავიტანე და სასიხარულო იყო ჩემთვისაც, ვცდილობ შევეგუო და წარმატებას მივაღწიოთ“.
დღის განმავლობაში სპორტ კომპლექს არენა 2-ში ახალგაზრდული ლიგის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.