„სტუდენტებმა“ „რუსთავს“ მეორე წრეშიც აჯობეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრაში „ჯიპა“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა, 7-2 იმარჯვა და მოგებათა სერიას აგრძელებს.
„სტუდენტები“ წინ მეოთხე წუთზე გავიდნენ. რამდენიმე წამში „რუსთავმა“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე „ჯიპა“ კვლავ დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. პირველი ტაიმი ცხრილის ლიდერმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე მიღებულ გოლსაც „რუსთავმა“ მალე უპასუხა, თუმცა ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლო და საბოლოოდ სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდა.
„ჯიპა“-ს რიგებში საუკეთესო ჰეთ-თრიკით და ერთი საგოლე გადაცემით დავით ბერაძე იყო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ბერაძე, ჯიპა: „კარგი თამაში იყო. თავიდანვე კარგად დავიწყეთ. წლის ბოლო მატჩი იყო და გვინდოდა მოგვეგო. ჩემი აზრით, თამაშის ხარისხიც კარგი იყო. ბურთიც ჩვენ გვეჭირა. პატარა შეცდომები გვქონდა და ის ორი ბურთიც ამიტომ გავუშვით. კარგი წელი გვქონდა. მხოლოდ ერთი წაგება გვაქვს და შესაბამისად, დადებითად შევაფასებდი. მეორე ნახევარში უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.
ფუტსალის ლიგა 3-ის მერვე ტურის დასკვნითი და წლის ბოლო შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-ში 23 დეკემბერს „ბათუმის სპორტულ ცენტრსა“ და „რიწა“-ს შორის გაიმართება.