"ნიკორა"-მ მეოთხე ტურის შეხვედრაში TTC-ს აჯობა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის A ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.
დღის დასკვნით მატჩში „ნიკორა“-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 3-1 დაამარცხა. „ნიკორა“-მ მეტოქეს სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა. ნიკა ჯოლოხავამ, გიორგი ღონღაძემ და გიორგი დვალმა საწყის ოც წუთში სამბურთიანი უპირატესობა შექმნეს. მეორე ნახევარში TTC-ს რიგებიდან ერთი ბურთი მიხეილ აფციაურმა გაქვითა.
ტურის სხვა შეხვედრაში „საქართველოს ბანკმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. „ბანკირებმა“ სამი ქულა „ბაქსვუდთან“ მოიპოვეს, ანგარიშით 3-1. ილია ქემაშვილმა BOG წინ მეათე წუთზე გაიყვანა, ტაიმის მიწურულს კი ირაკლი გამყრელიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში გიორგი მესხმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ თორნიკე ოსეფაშვაიშვილმა „საქართველოს ბანკის“ კონტრშეტევა გოლით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ბოლო სათამაშო დღე 24 დეკემბერს გაიმართება. სპორტ კომპლექს არენა 2-ში გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მესამე ტურის შეხვედრები შედგება. A ჯგუფის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში კი ერთმანეთს "კროკობეთი" და "შსს" დაუპირისპირდებიან.