"ქუთაისი 2"-მა მიმდინარე სეზონში გასვლაზე პირველად მოიგო!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცხრე ტურის მატჩში „ქუთაისი 2“ სპორტ კომპლექს არენა 2-ში „ილიაუნი 2“-ს დაუპირისპირდა 3-1 იმარჯვა და პირველ წრეში საკუთარ კედლებში მიღებული მარცხისთვის რევანში აიღო. 

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე „ქუთათურების“ მეკარემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია და ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. ოცდამესამე წუთზე „იმერლები“ წინ ავტოგოლით გავიდნენ. გიორგი წიქვაძემ შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ ლაშა ჭეიშვილმა „ქუთაისი 2“ კვლავ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ხუნდაძემ ბოლო თამაშის მიწურულს დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "ქუთათურებმა" მიმდინარე სეზონში სტუმრად გამართულ შეხვედრაში პირველად იმარჯვეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „პირველ რიგში მოწინააღმდეგეზე უნდა ვთქვა, ბიჭებმა ისეთი ბრძოლა დაგვანახეს ნამდვილად დაიმსახურეს მოგება. მეკარემაც ისე ითამაშა, არ ვიცი, შეუდარებელი მატჩი ჰქონდა. მგონია, რაღაც ზებუნებრივი ძალები გვიშლის ხელს გოლის გატანაში. მომენტები იყო საკმაოდ მეტი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაგვეტანა. ხან ძელმა იხსნა მეტოქის კარი, ხან მეკარემ, ხან მცველმა. ამ მოვლენას ვერ ვხსნი. უნდა გავაგრძელოთ ვარჯიში და შემდეგ თამაშზე უფრო მომზადებულები გამოვიდეთ“.

გიორგი ნადირაძე, ქუთაისი 2: „ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. ყველანაირად ვემზადებოდით. ეს უფრო პლეი-ოფისთვის მოსამზადებელი პერიოდია ჩვენი გუნდისთვის. ვცდილობთ მაქსიმალურად დავამუშაოთ კომბინაციები და ვიპოვოთ ჩვენი თამაშის ხასიათი. ძალიან კარგი ბრძოლა იყო. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ იმედია. ორივე მხარეს მომენტები ფუტსალს ალამაზებს და ამშვენებს. მადლობა მაყურებელს და იმედია ყველამ ისიამოვნა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის დასკვნითი მატჩი გორის სპორტის სასახლეში 19 დეკემბერს „გორსა“ და „საქართველოს უნივერსიტეტს“ შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024