ლიგა 3-ის ლიდერმა მორიგი სამი ქულა მიითვალა!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2023

ლიგა 3-ის ლიდერმა მორიგი სამი ქულა მიითვალა!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა "ჯიპა"-"რიწა" კომფორტული უპირატესობით 6-1 დაამარცხა და პირველ წრეს ლიდერის სტატუსით ასრულებს.

შეხვედრაში ანგარიში "რიწა"-მ მეცხრე წუთზე ლუკა გოგოხიას გოლით გახსნა. "სტუდენტებმა" მალევე აღადგინეს წონასწორობა და წინ გავიდნენ, ტაიმი კი 3-1 მოიგეს. მეორე ნახევარში მეტოქემ ჩამორჩენის შემცირება ვერ შეძლო და საკუთარ კარში კიდევ სამი გოლი მიიღო. "ჯიპა"-ს რიგებიდან საუკეთესო ბექა მირიანაშვილი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. დუბლი გაიფორმა გიორგი ტაბახმელაშვილმა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა მირიანაშვილი, ჯიპა: "პირველ წრეში ერთი თამაში წავაგეთ, მაგრამ არაუშავს, კარგი შედეგი გვაქვს. შემდეგი ტურიდან ვეცდებით, რომ უფრო გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. დღეს პირველი გოლი ჩვენ კარში მივიღეთ, მაგრამ მალევე გამოვასწორეთ და ეს შედეგზეც აისახა. გვქონდა ბევრი შეცდომა, ვერ ვიტყვი, რომ დღეს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. კარგია, რომ ლიდერის სტატუსით ვამთავრებთ წრეს, მაგრამ ტიფლისმა დარჩენილი შეხვედრები თუ მოიგო, ქულები ერთნაირი გვექნება. შემდეგ წრეში ვეცდებით ქულებითაც წინ ვიყოთ. დღევანდელ მატჩზე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენს გუნდელს, ჩვენს მეკარეს, მიშოს გარდაეცვალა მამა და დღეს სწორედ მის გამო გვინდოდა რომ მოგვეგო".

მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრაში "რუსთავმა" "საქართველოს უნივერსიტეტი 2" 7-3 დაამარცხა. "სტუდენტები" წინ საწყის წუთზევე გავიდნენ, მაგრამ უპირატესობა მალევე დაკარგეს, რის შემდეგაც სხვაობა სოლიდური გახდა. "რუსთავი"-ს რიგებიდან სამი გოლი ნიკოლოზ ტურიაშვილის სახელზეა.



  © SBM, 2016-2024