ლიგა 2-ში IX ტურის ცენტრალური მატჩი "სეუ"-ს სრული დომინაციით დასრულდა!

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2023

ლიგა 2-ში IX ტურის ცენტრალური მატჩი

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცხრე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები „დინამო თბილისი“ და „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ დაუპირისპირდნენ. „სეუ“-მ მეტოქე კომფორტული უპირატესობით 11-6 დაამარცხა და ჩემპიონატში ასპარეზობას მარცხის გარეშე აგრძელებს.

შეხვედრაში ანგარიში თავიდანვე „სტუდენტებმა“ გახსნეს. „დინამო“-მ წონასწორობა მალევე აღადგინა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე მეტოქე წინ ორი ბურთით გავიდა (3-1). მატჩის განახლებიდან ოთხწუთიან ინტერვალში „ლურჯ-თეთრებმა“ თამაშში დასაბრუნებლად იბრძოლეს და ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს (3-3, 4-4), თუმცა ოცდამეცხრე წუთიდან „სეუ“ საბოლოოდ დაწინაურდა და უპირატესობა სოლიდური გახადა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ჰეთ-თრიკით და საგოლე გადაცემით სანდრო ობოლაძე იყო. სამი გოლია ზაქრო მირზაშვილის სახელზეც, დუბლი გაიფორმა ლუკა ალანიამ. „დინამო“-ს რიგებიდან ორ-ორი ბურთი ლაშა-გიორგი ობოლაძემ და გიგა ლაგაზაშვილმა გაქვითეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „დღეს დანაკლისი გვქონდა. ყველას ფეხი გვტკიოდა, ისე ვთამაშობდით და ტრავმიანობა იყო. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. პლეი-ოფებისთვის მოვემზადებით კარგად. სრული მოტივაციით გამოვედით, მაგრამ ტრავმებმა შეგვიშალა ხელი. ყველა თავის ფეხბურთს თამაშობს ამ ეტაპზე ჩვენთან და გუნდური თამაში ცოტა გვაკლია“.

სანდრო ობოლაძე, სეუ: „ჩვენ ყველა მატჩში ამაღლებული განწყობით გამოვდივართ. თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია. დღევანდელი თამაში ძალიან კარგი იყო. მეორე ტაიმში ტაიმში ცოტა ყურადღება მოვადუნეთ თავიდან, მაგრამ მერე ვიპოვეთ ჩვენი თამაში და გამოვასწორეთ. დინამომ წინა ფინალი მოგვიგო ლიგა 3-ში, შედარებით უკეთ თამაშს ველოდი მათგან, არ ველოდი ასეთ ანგარიშს. მეორე ტაიმის ბოლოს გატყდნენ. ვფიქრობ, ოთხით ოთხზე რომ სიდამონიძემ გაიტანა, მატჩში გარდამტეხი მომენტი ეს იყო“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის სხვა შეხვედრები 16 დეკემბერს თბილისში და 19 დეკემბერს გორში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024