"დასავლურ დერბიში" BSC-მ "აწსუ"-ს აჯობა!

ყველა სიახლე
05 დეკემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ შორის გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.

„დასავლურ დერბიში“ „აჭარლებმა“  6-3 იმარჯვეს და BSC-მ ამ მოგებით ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მეცამეტე წუთამდე შეხვედრა მშრალი ანგარიშით მიმდინარეობდა. ტაიმის დასრულებამდე „ბათუმელებმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევრის სტარტზე „აწსუ“-მ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ რამდენიმე წამში ბექა ლორიამ სხვაობა აღადგინა და მალევე აქტივში დუბლიც მიითვალა.

შეხვედრის ოცდამეექვსე წუთზე „იმერლების“ რიგებიდან ვარლამ მარდალეიშვილმა, მეტოქის გუნდიდან კი რომან იუსუბოვმა, წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც გუნდებმა ორ-ორი გოლი კიდევ გაცვალეს და საბოლოოდ 6-3-ზე გაიყარნენ.

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი მოსე ჩიქიროვმა შეასრულა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეშვიდე ტურის შეხვედრები სტარტს 16 დეკემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში აიღებს და 19 დეკემბერს გორის სპორტის სასახლეში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024