B ჯგუფში „ლიბერთი ბანკი“ გალიდერდა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის A და B ჯგუფების მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო. „ავერსი“-სა და „NS Studio“-ს დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა და მიმდინარე სეზონში გუნდებმა პირველი ქულები დაკარგეს. პირველი ტაიმის მიწურულს „ფარმაცევტები“ ზურაბ თარაშვილის შესრულებული ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ. ოცდამეთორმეტე წუთზე გიორგი ივანიშვილმა წონასწორობა აღადგინა და NS Studio-ს ქულა შეუნარჩუნა.
სასტარტო მატჩში „ლიბერთი ბანკი“ „რუსთავის აზოტს“ დაუპირისპირდა, მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში სამიდან სამი მოგებით გალიდერდა.
საწყის ნახევარში „აზოტმა“ 2-0 იმარჯვა. ოცდამესამე წუთზე „ბანკირებმა“ პირველი გოლი გაქვითეს. შეხვედრაში ანგარიში მალევე გათანაბრდა. ნიკა ფანცულაიამ დუბლი გაიფორმა და „ლიბერთი“ წინ გაიყვანა, კახა გოგოხიამ კი ეფექტური მაკრატელა დარტყმით უპირატესობა ორბურთიანი გახადა. თამაშის ბოლო წუთებზე „აზოტმა“ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ შეხვედრაში ქულის აღება ვერ შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ზურაბ თარაშვილი, ავერსი: „თანაბარი გუნდები ვართ და როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია. ჩაკეტილი თამაში იყო, რაც დაძაბულობამ განაპირობა. საწყენია ქულების დაკარგვა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ“.
გიორგი ივანიშვილი, NS Studio: „ორივე გუნდი ვფრთხილობდით, რადგან აქამდე ორიდან ორი მოგება გვქონდა. გარდამავალი უპირატესობით წარიმართა თამაში, ხან ავერსს ჰქონდა უპირატესობა, ხან ჩვენ. საბოლოო ჯამში თანაბარი თამაში იყო. ბოლოს ჩვენ უფრო გვქონდა რეალური მომენტები, მაგრამ დამსახურებული ანგარიში დაფიქსირდა. კარგია, რომ არ წავაგეთ და ქულა მოვიპოვეთ“.
დღის ბოლომდე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A და B ჯგუფის მესამე ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.