"რიწა"-მ ლიგა 3-ში სადებიუტო გამარჯვება "რუსთავთან" იზეიმა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონში მეექვსე ტურმა სტარტი სპორტ კომპლექს არენა 2-ში „რიწა“-სა და „რუსთავი“-ს დაპირისპირებით აიღო. „რიწა“-მ მეტოქე 5-3 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.
შეხვედრა თავიდანვე „რიწა“-ს უპირატესობით წარიმართა. მეცამეტე წუთზე ანგარიში 2-0 იყო. ნიკოლოზ ტურიაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ ორბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა. მეორე ნახევარში წუთნახევრიან ინტერვალში ტარიელ თედიაშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლუკა ბიბლაიამ აქტივში მეორე გოლი მიითვალა (4-3). საბოლოო ანგარიში, 5-3, კი გოჩა ზაქარიამ დააფიქსირა.
„რიწა“-ს რიგებიდან გოლით და ორი საგოლე გადაცემით ლუკა გოგოხია გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა გოგოხია, რიწა: „ძალიან კარგი თამაში იყო. ორივემ კარგად ვიბრძოლეთ. მეექვსე ტური იყო და ნელ-ნელა ვეჩვევით პარკეტს. ახალი დაწყებული გვქონდა დარბაზში თამაში და ვერ შევთამაშდით. ახალი ძალებით გამოვდივართ და სულ სხვა შემართება გვაქვს ახლა. პირველ ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. მეორეში ცოტა დაღლილები ვიყავით და ამიტომ გაგვივიდა უცებ ორი გოლი“.
ტარიელ თედიაშვილი, რუსთავი: „მოდუნებულები გამოვედით და ალბათ ამან იქონია გავლენა შედეგზე. მეორე ტაიმში არ გვეყო მაინც ძალა, გავათანაბრეთ, მაგრამ შეცდომების გამო ისევ წინ გავიდნენ. ალბათ მარტივ გამარჯვებას ველოდით დღეს და ანგარიშზე აისახა ეს ხასიათი. პირველ ტაიმში დავმარცხდით, მეორე შედარებით უფრო კარგი იყო. გავათანაბრეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით“.
ლიგა 3-ის მეექვსე ტურის სხვა შეხვედრებში „UG 2” “ბსსა“-ს უმასპინძლებს, „ჯიპა“ კი ცხრილის ლიდერს „ტიფლისს“ დაუპირისპირდება.