საკვალიფიკაციო ლიგაში "e team" ლიდერობს!

ყველა სიახლე
26 ნოემბერი 2023

საკვალიფიკაციო ლიგაში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე საკვალიფიკაციო ლიგის მეორე ტურის მატჩით დასრულდა.

e team-მა „ლაქტალისთან“ მატჩში ანგარიში ორით ნულიდან შემოატრიალა და 3-2 იმარჯვა. მეექვსე წუთამდე „ლაქტალისი“ წინ ორი ბურთით გავიდა. „ბუკმეიკერებმა“ პირველ ტაიმში ერთი გოლი გაქვითეს, ოცდამესამე წუთზე კი წონასწორობა აღადგინეს. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გოგა მამარდაშვილმა „E-Team” დააწინაურა, გუნდს სამი ქულა მოუტანა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

ერთი შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაშიც. „ავერსი“ და „McGill” დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 1-1. მეჩვიდმეტე წუთზე ნიკოლოზ ჯალაღანიას გოლს „ფარმაცევტების“ რიგებიდან პაატა ლეჟავამ ოცდამეცხრე წუთზე უპასუხა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

პაატა ლეჟავა, ავერსი: „საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. ძალიან კარგი გუნდია მაკგილი. ჩემთვის გრანდ ლიგაში პირველი თამაში იყო და სულ უფრო და უფრო კარგი მატჩებია. ტემპიც და ხარისხიც მატულობს. ვფიქრობ, ბოლომდე ასეთი სანახაობრივი ჩემპიონატი იქნება. საითაც მეორე გოლი გავიდოდა, ის გუნდი მოიგებდა. ორივე მხარეს გვქონდა მომენტები, მეკარეებმა ძალიან მაგრად ითამაშეს. ორმხრივი თამაში იყო და ეს ანგარიშზეც აისახა“.

ნიკოლოზ ჯალაღანია, McGill: „ძალიან რთული თამაში იყო, თან აქამდე ამ გუნდთან არ გვითამაშია. გრანდ ლიგაზე სამი წელია ვთამაშობთ, წელს უფრო მეტი გუნდია და ძალიან კარგია, რომ კიდევ უფრო დაძაბული თამაშები იქნება. დღეს უნდა მოგვეგო, მაგრამ კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა და ალბათ სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში 3 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს A და B ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024