"ტიფლისი" ლიგა 3-ში ქულათა მაქსიმუმს ინარჩუნებს!

ყველა სიახლე
24 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის შეხვედრები თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაგრძელდა.

„ტიფლისმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობას აგრძელებს. „თბილისელებმა“ ამჯერად „რუსთავს“ სძლიეს, ანგარიშით 3-0.

შეხვედრის პირველ ნახევარში „რუსთავმა“ ორი ბურთი მიიღო და სხვაობის შემცირება ვერც მეორე ტაიმში მოახერხა. „ტიფლისმა“ კარი მშრალად თამაშის ბოლომდე შეინახა და საბოლოო ანგარიში ოცდამეთექვსმეტე წუთზე დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ლაშა ჯიქიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა ჯიქია, ტიფლისი: „ზოგადად, ყველა მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და გვინდა მოვიგოთ. თამაშზე გამოსვლისას სხვა მიზანი არ გვაქვს. ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ. დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე მარტივი იყო, თუმცა მეტოქეზე უკეთესად ვითამაშეთ და აქედან გამომდინარე დავაფიქსირეთ ეს შედეგი. განსაკუთრებით მეკარე გამოირჩეოდა ჩვენი გუნდიდან დღეს, რამაც ხელი შეგვიწყო გამარჯვებაში. ნებისმიერი მეტოქისთვის ერთნაირად ვემზადებით, ჩვენთვის გუნდები არ განსხვავდებიან. ერთი შედეგისთვის ვთამაშობთ და არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე „ჯიპა“ იქნება თუ სხვა გუნდი“.

ტურის სხვა შეხვედრაში UG2-მა „რიწა“ კომფორტული სხვაობით 5-1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. „სტუდენტებმა“ პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს. ოცდამესამე წუთიდან UG-ის უპირატესობა გაიზარდა და თამაშის ბოლომდე ოთხბურთიანი გახდა. შეხვედრაში დუბლით ლექსო კვინიკაძე გამოირჩა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი 25 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში „ჯიპა“-სა და „აწსუ“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024