"რუსთაველები" ქუთაისიდან სამი ქულით ბრუნდებიან!

ყველა სიახლე
22 ნოემბერი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეოთხე ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 7-5 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი სტუმრებმა სამბურთიანი უპირატესობით 4-1 მოიგო. საწყის წუთზე სწრაფი გოლით „აწსუ“ დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ გავიდა. „ქუთათურებმა“ ოცდამეთხუთმეტე წუთზე ანგარიში 5-5 გახადეს, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ბოლომდე ვერ შეძლეს და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი მიიღეს.

გამარჯვებული გუნდიდან სამი ბურთია ნიკოლოზ ტურიაშვილის სახელზე, დუბლი გაიფორმა ბექა ათანეიშვილმა. „აწსუ“-ს მხრიდან ორი გოლი გიორგი გიორგაძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკოლოზ ტურიაშვილი, რუსთავი: „აქამდე რაღაც პრობლემების გამო ვერ ვვარჯიშობდით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სამი ქულა. ამხელა გზაზე რომ წამოვედით ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო და უშედეგოდ არ დავბრუნებულიყავით. კმაყოფილები ვართ დღევანდელი გამარჯვებით და ვეცდებით პლეი-ოფებს კარგ განწყობაზე შევხვდეთ. მეორე ნახევარში ცოტა მოვეშვით, გვეგონა რომ თამაში მოგებული იყო. თამაშის შემოტრიალებამ ახალი ენერგიები გაგვიხსნა და მოტივაცია მოგვცა“.

გიორგი გიორგაძე, აწსუ: „გუნდში ჯერ კიდევ გვემატება ახალი მოთამაშეები, მეც ახლახან შემოვუერთდი ბიჭებს და უფრო პლეი-ოფებისთვის ვემზადებით. უფრო გავძლიერდებით და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში ჩავარდნა გვქონდა, რაც ხდება ხოლმე, მით უმეტეს ფორმაში არ ვართ. შესაბამისი ხასიათით არ გამოვედით და გავუშვით გოლები“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის გახსნითი მატჩში ბათუმში გაიმართება. ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაუპირისპირდებიან“.



  © SBM, 2016-2024