ორი ტურის შემდეგ A ჯგუფში "კროკო" პირველ ადგილზეა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის მეორე ტურის დასკვნითი მატჩებით დასრულდა.
ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „კროკობეთი“ და „საქართველოს ბანკი“ დაუპირისპირდნენ. „ბუკმეიკერებმა“ „ბანკირებთან“ კარი მშრალად შეინახეს, მეტოქეს 2-0 სძლიეს და A ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. „კროკო“-ს რიგებიდან ორივე გოლი ლევან კოპალიანის სახელზეა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
„ძალოვნებმა“ ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს. TTC-ს რიგებიდან ლაშა მესტვირიშვილმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე ბექა ქინძოძემ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და გუნდს პირველი ქულები მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლაშა მესტვირიშვილი, TTC: „ძალიან კარგი თამაში იყო. ვულოცავ მეტოქეს. ჩემი აზრით, ჩვენც შეგვეძლო მოგება და ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა. დღეს ენერგია დაგვაკლდა, შეცვლებზე შემოსულებმაც ვერ გავაკეთეთ ვერაფერი, მაგრამ არაუშავს, შემდეგი თამაშები წინაა“.
ბექა ქინძოძე, შსს: „ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ გამარჯვებას. ცოტა მძიმე სტარტი გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში მოვახერხეთ მაინც ამ გამარჯვების მოპოვება. დღეს დაშვებულ შეცდომებს შემდეგისთვის მაქსიმალურად გამოვასწორებთ. ღირსეული მეტოქე გვყავდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ, დღეს მართლა კარგი თამაში გამოგვივიდა“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში 26 ნოემბერს გაიმართება.