დაძაბულ "სტუდენტურ დერბიში" UG-მ "ილიაუნი 2"-ს სძლია!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.
ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი UG-ის სასარგებლოდ 3-1 დასრულდა.
„სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი UG-მ მეთვრამეტე წუთზე ნოდარ მწითურის გატანილი გოლით მოიგო. ლაშა კურტანიძემ მეტოქის საჯარიმოსთან დანიშნული თავისუფალი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ილიაუნი“-მ დარჩენილ დროში საკუთარ კარში კიდევ ორი გოლი მიიღო. გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით ბექა მურღული და ლუკა ელიზბარაშვილი დაეხმარნენ.
ამ შედეგით UG-მ სატურნირო ცხრილში მიმდინარე მონაცემებით ლიდერობა დაიბრუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდს შეგვეძლო მოგება. ძალიან ცუდი გოლები გავუშვით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და პლეო-ოფებამდე ფორმაში შევალთ. ჩვენს მარცხზე გავლენა გამოუყენებელმა მომენტებმა იქონია. თავიდან, როცა მეკარე გაუგდეს, ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და გოლიც მივიღეთ“.
ბექა მურღული, UG: „მძიმე თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი თანაბრად ვიბრძოდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში გამოვიყენეთ შანსები და გავიტანეთ გოლები. მიუხედავად იმისა, რომ 3-1 დამთავრდა თამაში, ბოლო წუთებამდე დაძაბულობა იყო. ილიაუნი ცხრილში შედარებით ქვედა ზონაშია, მაგრამ საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. მეკარის გაგდებისას ორი წუთი დაცვაში კარგად ვიდექით, ნამუშევარი გვქონდა ამ ყველაფერზე და შემდეგ უკვე აღვიდგინეთ ძალები“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩი 14 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება. ადგილობრივ „გორს“ „თსუ 2“ დაუპირისპირდება, რომელიც UG-ს ორი ქულით ჩამორჩება.