#16SBMLeague-ში საკვალიფიკაციო ლიგამ სტარტი აიღო!

ყველა სიახლე
12 ნოემბერი 2023

#16SBMLeague-ში საკვალიფიკაციო ლიგამ სტარტი აიღო!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში სტარტი საკვალიფიკაციო ლიგამ აიღო.

გახსნით მატჩში ერთმანეთს „მთავარი არხი“ და „შიშეჯამი“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მეცხრე წუთზე კახაბერ ალადაშვილმა „ჟურნალისტები“ წინ გაიყვანა. ოცდამეცხრე წუთზე წონასწორობა ივანე შვიდბიჭაშვილმა აღადგინა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.

საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის სხვა შეხვედრაში „სფეისმა“ „ტერაბანკი“ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. „ბანკირების“ დერბიში საწყისი ტაიმი გოლი გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ვასკა ფირუზაშვილმა დუბლი გაიფორმა და „სფეისი“ ორი ბურთით დააწინაურა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე გიორგი ილურიძემ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში „ტერაბანკმა“ ქულის აღება ვერ შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ივანე შვიდბიჭაშვილი, შიშეჯამი: „ახალი თანამშრომლები შემოგვემატნენ და შემადგენლობაც ხელახლა დაკომპლექტდა, შესაბამისად ახალი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ. გვინდა ნელ-ნელა უფრო განვვითარდეთ, რათა კომპანიაც ვასახელოთ. პირველივე წუთებიდან დაგვეტყო, რომ დაძაბულები ვიყავით. საკვალიფიკაციო ლიგა ჩვენი მატჩით გაიხსნა. გაგვიჭირდა თავიდან შეგუება. მომენტები გვქონდა, დაძაბულობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ მეგობრობამ მაინც გაიმარჯვა“.

დავით ერაძე, მთავარი არხი: „ვიცოდი, რომ კარგი გარემო იყო, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ჩემპიონატმა. მადლობა ყველას, რომ გვაქვს შესაძლებლობა ასეთი დაძაბული კვირის შემდეგ მოვიდეთ, დავხარჯოთ დადებითი ემოციები. ვაჩვენოთ ყველას, რომ მხოლოდ კარგი ტელევიზიის გაკეთება არ შეგვიძლია, არამედ შეგვიძლია კარგი მეგობრობა და მოედანზე ჩვენი საუკეთესო მხარის წარმოჩენა. აქ მონაწილეობით მივხვდით, რომ რაღაც დიდის ნაწილი გავხდით. დღეს მოგება გვინდოდა და თამაშის მსვლელობით თუ ვიმსჯელებთ, გვეკუთვნოდა კიდეც, მაგრამ მეტოქეს ლეგენდარული მწვრთნელი ჰყავდა, ადამიანი, რომელმაც ფუტსალი თავიდან ბოლომდე იცის და მშვენივრად დალაგებული გუნდი ჰყავდა. ვთვლი, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ“.

დღის განმავლობაში სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის პირველი ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024