გრანდ ლიგის ახალი სეზონი დაიწყო!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში გრანდ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო სტარტი. გახსნით მატჩში ერთმანეთს „ელპოზო“ და „ავერსი“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
თამაშის დაწყებიდან მალევე გიორგი თოთლაძემ „ელპოზო“ წინ გაიყვანა. ანზორ ნადირაძემ მერვე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მალევე გიორგი ჭანტურიამ მინიმალური უპირატესობა კვლავ აღადგინა, მაგრამ მეორე ტაიმში ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა.
გრანდ ლიგის სხვა შეხვედრაში „უკრაინა“-მ „ინვესტროსაინი“ კომფორტული ანგარიშით 5-1 დაამარცხა. პირველი ნახევარი „უკრაინამ“ მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო. თამაშის ბოლომდე კი უპირატესობა ხუთამდე გაზარდა. „ივენსტორსაინმა“ პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი მელანაშვილი, ავერსი: „პირველად ვითამაშე და ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ჩვენი კომპანია მოგეხსენებათ არის სამედიცინო პროფილის, ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამაში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია სპორტულ აქტივობას, ჯანსაღ ცხოვრებას. ამასთანავე, ბევრი ადამიანი გავიცანი და ურთიერთობების ჩამოყალიბების მხრივაც საინტერესოა ამ ტურნირზე გამოსვლა. აღმატებითი განწყობა გვაქვს, გვიხარია ერთად თამაში. დღეს მოსაგებად გამოვედით, მაგრამ ვფიქრობ ფრეც კარგი შედეგი იყო ჩვენთვის, რადგან მეტოქე გუნდის კლასი იგრძნობოდა“.
გიორგი ჭანტურია, ელპოზო: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველას გრანდ ლიგის დაწყებას. დაძაბული ბრძოლა გამოვიდა. რაც გადავავლე თვალი თანაბარი გუნდები ვართ ჩემპიონატში, რაც დაძაბულობას მატებს ტურნირს და თამაშის წინ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ჩვენ აშკარად გვაკლია შეთამაშება და ამ კომპონენტს გავაუმჯობესებთ“.
დღის განმავლობაში სპორტ კომპლექს არენა 2-ში სტარტს ასევე საკვალიფიკაციო ლიგაც აიღებს.