"ბსსა"-მ ზედიზედ მეორე შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს „რუსთავი“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ დაუპირისპირდნენ. „მეზღვაურებმა“ დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს 3-2 სძლიეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტაიმი „ბათუმელებმა“ რაულ ჩიკიროვის გოლით მოიგეს. თემურ დევაძემ ოცდამეშვიდე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ბექა ღამბარაშვილმა მიღებულ გოლს მალევე უპასუხა და ჩამორჩენა შეამცირა. რეზო მალაყმაძემ ორბურთიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე საბა სომხიშვილმა საბოლოო ანგარიშში მინიმალური სხვაობა დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ღამბარაშვილი, რუსთავი: „დაძაბული თამაში გამოვიდა. კარგი მეტოქე გვყავდა. მთელი თამაში მინიმალური სხვაობა იყო ანგარიშში. წინ გასვლა ვერ მოვახერხეთ. ორი ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოვიყენეთ და მომენტები გავაფუჭეთ.მეორე ტაიმში უფრო მეტად ვიბრძოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა“.

თემურ დევაძე, ბსსა: „კარგი თამაში იყო. ბოლო წუთებზე განსაკუთრებულად დაიძაბა, რადგან დიდი სხვაობა არ ყოფილა. ტურნირი კარგად დავიწყეთ, მეორე მოგებაც მოვიპოვეთ და იმედია შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ. მეტოქესთან შედარებით ბურთს მეტად ვფლობდით და მომენტებიც გვქონდა. მოსაგებად გამოვდივართ ყველა თამაშში, მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტური 17 და 18 ნოემბერს თბილისში და 21 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024