ორმატჩიანი პაუზის შემდეგ "სეუ"-მ გამარჯვება "ეუ"-სთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2023

ორმატჩიანი პაუზის შემდეგ

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მეხუთე ტურის მატჩში „საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ „ევროპის უნივერსიტეტი“ იოლად დაამარცხა, ანგარიშით 6-1 და ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„სტუდენტური დერბი“ საწყისი წუთებიდანვე „სეუ“-ს  უპირატესობით წარიმართა და ტაიმი 2-0 დასრულდა. EU-მ პრესტიჟის გოლის გატანა ბოლო წუთზე შეძლო, მანამდე კი მეტოქემ სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი დავით დანელიამ შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით დანელია, სეუ: „ბოლო ორი თამაში ფრედ დასრულდა და დღეს ყველა ვარიანტში სამი ქულა უნდა აგვეღო. გასულ ორივე მატჩში უპირატესობა ჩვენ გვქონდა, მაგრამ ქულები დავკარგეთ. თავიდანვე მოსაგებად გამოვედით, სწრაფი გოლი გავიტანეთ და ეს მონდომება ანგარიშზეც აისახა. მეტოქეს მეტი მოძრაობით ვაჯობეთ და დაცვაში ვითამაშეთ კარგად, რაც გამოჩნდა კიდეც, ბოლო წუთზე გავუშვით მხოლოდ გოლი. ეს დასაწყისია და ვეცდებით უმაღლესში გადავიდეთ. მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო კარგი ქომაგობისთვის“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის სხვა შეხვედრები 12 ნოემბერს თბილისში და 14 ნოემბერს გორში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024