"ტიფლისი" სატურნირო ცხრილის სათავეშია!

ყველა სიახლე
10 ნოემბერი 2023

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურის მატჩი გაიმართა. „ტიფლისი“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 5-2 იმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა. „ტიფლისმა“ ტაიმი ორი უპასუხო გოლით მოიგო. „სტუდენტებმა“ სხვაობის შემცირება მხოლოდ თამაშის მიწურულს შეძლეს და საბოლოოდ სამბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდნენ. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი თოდუამ შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი თოდუა, ტიფლისი: „ამ სეზონისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. გუნდი კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. შემართებით ვართ და ჩემპიონობა გვინდა. ორივე შეხვედრაში მოტივირებულები ვიყავით, რომ გაგვეტანა გოლები. მთელი თამაში კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს. გარდამტეხ მომენტებში ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს დღეს და შესაბამისად, გავიმარჯვეთ. რეალურად მეტი მომენტი გვქონდა, ცარიელ კარში ვერ გავიტანეთ რამდენიმე, თანაგუნდელი მყავდა გვერდით, რომლისთვისაც უნდა მიმეცა პასი, მაგრამ დავიბენი და ასე გამოვიდა. საერთო ჯამში, კარგი თამაში იყო. სეზონის ბოლოს აუცილებლად გავხდებით ჩემპიონები“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა სპორტ კომპლექს არენა 2-ში 11 ნოემბერს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024