B ჯგუფის პირველ ტურში "ლიბერთი"-მ და "ავერსმა" დამაჯერებლად მოიგეს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის პირველი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის მატჩით დასრულდა. ერთმანეთს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ დაუპირისპირდნენ.
TTC-მ მეტოქე 2-0 დაამარცხა. მეთორმეტე წუთზე ანგარიში გიორგი ბერიშვილმა გახსნა, ბოლო წამებზე კი ორბურთიანი სხვაობა მიხეილ აფციაურმა დააფიქსირა.
B ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით მატჩში „ავერსმა“ „რუსთავის აზოტთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს კომფორტული უპირატესობით 4-0 მოუგო. „ფარმაცევტებმა“ სამი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს. ოცდამერვე წუთზე ზურაბ თარაშვილმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში „ლიბერთი ბანკმა“ „ქართუ ბანკი“ სოლიდური უპირატესობით 2-6 დაამარცხა. „ბანკირების დერბიში“ ანგარიში „ქართუ“-მ გახსნა, მაგრამ მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა და მეთოთხმეტე წუთზე წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
კობა სებუა, ავერსი: „გასულ სეზონთან შედარებით წელს ორ ლიგაში გამოვდივართ, აქ და გრანდ ლიგაში. B ჯგუფში შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. დასაწყისი მშვენიერია. „აზოტი“ ნაწილობრივ ვეტერანებისგან შემდგარი გუნდია და დიდი პატივისცემა მათ ჩვენგან. პირველი თხუთმეტი წუთი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ალბათ დაღლილობამ იჩინა თავი და ყოველივე ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება. მიმდინარე სეზონში ფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში 12 ნოემბერს სპორტ კომლექს არენა 2-ში სტარტს გრანდ ლიგა აიღებს. A და B ჯგუფის შეხვედრები 19 ნოემბერს გაიმართება.