მოქმედი ჩემპიონების დაპირისპირებაში "ენერგო-პრო"-მ "შსს"-ს აჯობა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
B ჯგუფში „ფარვანა“-მ „DHL“ მინიმალური უპირატესობით 2-1 დაამარცხა. საწყისი ტაიმის მიწურულს „DHL” ზაზა ფიფიამ წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში „ნინოწმინდელების“ რიგებიდან ლავრენტი ბაბერციანმა ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ოცდამეთოთხმეტე წუთზე ჰოვანეს მოსოიანმა გაიტანა.
ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. ერთმანეთს გასული სეზონის ვერცხლის ლიგის ჩემპიონი „ენერგო-პრო“ და სუპერლიგის გამარჯვებული „შსს“ დაუპირისპირდნენ. „ენერგეტიკოსებმა“ ლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს 2-0 მოუგეს. მეთექვსმეტე წუთზე ლუკა გოგუაძემ „ენერგო-პრო“ დააწინაურა, სხვაობა ორამდე თამაშის მიწურულს თეიმურაზ ჯაფარიძემ გაზარდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა გოგუაძე, ენერგო-პრო: „პირველ რიგში ყველას გილოცავთ სეზონის დაწყებას. პირველივე თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და ეს იმის ნიშანია, რომ ისეთი ცხრილი გვაქვს A ჯგუფში, სულ ამგვარი შეხვედრები იქნება. მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვემზადებოდით, ერთი დღე არ დაგვისვენია. „შსს“ ძალიან მაგარი გუნდია. ისე ჩანდა, რომ დღეს ჩვენ მეტი ვიშრომეთ და ამით ვაჯობეთ მეტოქეს. იღბალიც ჩვენკენ იყო. რა თქმა უნდა, წელსაც ბოლო წუთამდე ჩემპიონობისთვის ვიბძოლებთ“.
გიორგი ფურცელაძე, შსს: „ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. როგორც პირველივე ტურში გამოჩნდა, სერიოზული ჩემპიონატი გველოდება წინ. მოწინააღმდეგეს კარგ თამაშს აღვნიშნავ. ჩვენ მძიმე სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ მთელი სეზონი წინაა. ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და შემდეგ თამაშში გოლსაც აუცილებლად გავიტანთ. გვქონდა მცდელობები, მაგრამ არ გამოვიდა“.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის პირველი ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.