#16SBMLeague-ში A და B ჯგუფის შეხვედრებმა სტარტი აიღო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთექვსმეტე სეზონი სპორტ კომპლეს არენა 2-ში დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს B ჯგუფის გუნდები, NS Studio და „ელპოზო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ NS Studio-ს გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
მერვე წუთზე მიღებულ გოლს „ელპოზომ“ პირველ ტაიმში ორი ბურთით უპასუხა და დაწინაურდა. მეორე ნახევარში გიორგი თოთლაძემ აქტივში დუბლი მიითვალა და წონასწორობა აღადგინა. თამაშის დასრულებამდე კი გიორგი ივანიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლუკა ჩაგანავა, NS Studio: „დაძაბული სამუშაო გრაფიკი შემდეგ ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს სათადარიგო მოთამაშეები მაინც ღირსეულად ვითამაშეთ. გვინდა, რომ წინა სეზონში რა შეცდომებიც გვქონდა გამოვასწოროთ“.
გივიკო კაციტაძე, ელპოზო: „ემოციები არის ძალიან აღმატებული, რამდენიმე წელია ამ ლიგაში არ მითამაშია და სასიამოვნო იყო ძველი მეგობრების ნახვა და იმ საფეხბურთო სიყვარულის შეგრძნება, რასაც SBM თესავს. დიდი ენთუზიაზმით ველოდებოდი ამ მატჩს. საინტერესო თამაში იყო, ძველი ფუტსალის ლეგენდები თამაშობდნენ დღეს და ამგვარი დატვირთვაც ჰქონდა ამ შეხვედრას. ასევე, გახსნინთი მატჩი იყო. შეთამაშება გვაკლია, მაგრამ იგრძნობა, რომ არც ერთ თამაშს უბრძოლველად არ დავთმობთ. ჩვენი დამოკიდებულება, როგორც ყველა გუნდის არის ის, რომ მეგობრობა შეიქმნას პირველ რიგში ჩემპიონატში და თავაწეულები გავიდეთ ყველა თამაშიდან“.
ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც, „ნიკორა“-მ „საქართველოს ბანკი“ სამი უპასუხო გოლით დაამარცხა (3-0). მეთექვსმეტე წუთზე ირაკლი დევიძის გატანილ გოლს, გიორგი ღონღაძემ დუბლი მიათვალა და ოქროს ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონის პირველ მატჩში დამაჯერებლად იმარჯვეს.