"ბსსა"-ს ლიგა 3-ში წარმატებული სტარტი აქვს!

ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2023

სპორტკოპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა“ და „რიწა“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა. „ბსსა“-მ ლიგა 3-ში გამართული პირველი მატჩი კომფორტული უპირატესობით 7-2 მოიგო.

მეშვიდე წუთზე მიღებულ გოლს „ბათუმელებმა“ მალევე უპასუხეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ჯანო ციკოლიამ „რიწა“ წინ გაიყვანა. შესვენების შემდეგ მატჩის განახლებიდან ორ წუთში „ბსსა“-მ წონასწორობა აღადგინა და თამაშის დასრულებამდე სხვაობა ხუთბურთიანი გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი რეზო მალაყმაძემ გაიფორმა, საუკეთესო მოთამაშედ კი რაულ ჩიკიროვი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე გადაცემაა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

რაულ ჩიკიროვ, ბსსა: „ასეთ პარკეტზე პირველად ვითამაშეთ და პირველ ტაიმში ამიტომ წავაგეთ. შემდეგ უკვე დავლაგდით და მარტივად მოვიგეთ. მეტოქესთან შედარებით გამოცდილი გუნდი ვართ, რამდენიმე უმაღლესის მოთამაშე გვყავს და ეს ჩვენი უპირატესობა იყო, დღეს რამდენიმე გვაკლდა კიდეც. მიხარია, რომ პირველი თამაში მოვიგეთ, ვფიქრობ, რომ ეს სტარტი შემდეგ ტურებსაც გაგვიმარტივებს“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის დასკვნითი მატჩი 7 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება, სადაც ერთმანეთს „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ტიფლისი“ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024