უხვგოლიან შეხვედრაში BSC-მ ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრა!

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2023

უხვგოლიან შეხვედრაში BSC-მ ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრა!

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტური დრამატული და სანახაობრივი მატჩით დაიწყო. „ბათუმის სპორტული ცენტრი“-სა და „რუსთავი“-ს დაპირისპირებაში ლიდერი სამჯერ შეიცვალა და უხვგოლიან შეხვედრაში BSC-მ საბოლოოდ ანგარიში ბოლო წამებზე ბექა ლორიას გატანილი გოლით 8-8 გახადა.  

„რუსთაველები“ მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ. „ბათუმელებმა“ წონასწორობა აღადგინეს და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა გაიზარდა (4-1), მაგრამ შვიდწუთიან ინტერვალში მეტოქემ ზედიზედ ხუთი ბურთი გაიტანა და წინ გავიდა (4-6). გუნდებმა კიდევ რამდენჯერმე გაცვალეს გოლები. ბოლო წუთზე „რუსთავი“ მინიმალური უპირატესობით იგებდა (8-7). საფინალო სირენასთან ერთად ბექა ლორიამ აქტივში მესამე ბურთი მიითვალა და „BSC“-ს ქულა შეუნარჩუნა.

„რუსთავი“-ს რიგებიდან საუკეთესო დუბლითა და ორი საგოლე გადაცემით საბა სომხიშვილი იყო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ლორია, BSC: „მოხარული ვარ, რომ მესამე ლიგა დაიწყო. პირველ ტაიმს ვიგებდით სამით ერთს. მეორე ტაიმში ალბათ მოდუნების ბრალი იყო თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ემოციური თამაში იყო და ფრეს დავჯერდით. ფიზიკური მომზადება დაგვაკლდა. უმეტესობა ბავშვები ვართ, ოც წელზე ზემოთ არც ერთი ვართ და ვფიქრობ, ამ მხირვ უფრო უნდა ვივარჯიშოთ. ჩემი აზრით ტექნიკურად ნორმალურად ვართ, მაგრამ ფიზიკურობა გვაკლდა, რაც გამოჩნდა თამაშში“.

საბა სომხიშვილი, რუსთავი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველ ტაიმში ვფიქრობ მეტოქე უკეთესი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში. დღეს იღბალი ჩვენკენ არ იყო, ბოლო წამზე გაგვივიდა გოლი. არა უშავს, მაგალითი იქნება ჩვენთვის და გამოვასწორებთ. ვფიქრობ, ყველას გვეგონა, რომ თამაში მოგებული იყო და ამის გამო დავისაჯეთ. ჩვენი უპირატესობა მეორე ტაიმში შეტევების მხრივ გამოიკვეთა, უფრო წინ ავიწიეთ და ამის ხარჯზე გავიტანეთ გოლები. ბოლო წამზე მაინც კონცენტრაციის ნაკლებობის გამო გაგვივიდა ის გოლი“.

სპორტ კომპლეს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის კიდევ ერთი მატჩი მიმდინარეობს, სადაც „ჯიპა“ „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024