SBMLeague-ს ახალი სეზონის პრეზენტაციაზე ლიგის პარტნიორებმა პრიზები გაათამაშეს
ყველა სიახლესასტუმრო „Radison Red”-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთექვსმეტე სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
წილისყრის მსვლელობისას გუნდების წარმომადგენლებს ლიგის ოფიციალური პარტნიორებისგან პრიზები გადაეცათ.
„რედისონ რედში“ გამართულ ღონისძიებაზე პრიზები გაათამაშა კომპანია „ავერსმა“, სპორტულმა მაღაზიათა ქსელმა GoSport-მა, ღვინის ბრენდმა „ბოისა“-მ, „ლაქტალისმა“ და სპორტულმა მულტიბრენდულმა მაღაზიათა ქსელმა #sbmstore-მა. წილისყრის მსვლელობისას თითოეული გუნდის წარმომადგნელს თასიდან ამოღებულ ბურთულაში პირობითი ნუმერაციის გარდა პარტნიორების დაწესებული სპეციალური საჩუქარიც ხვდებოდა.
რიგით მეთექვსმეტე სეზონში სიახლეა თამაშში მოპოვებული ქულების საფუძველზე გამომუშავებული გუნდური საბონუსე სისტემა, რომელსაც უზრუნველყოფს ლიგის ტექნიკური პარტნიორი #sbmstore.
გარდა ამისა, ჩემპიონატში კვლავ მოქმედებს წამახალისებელი ინდივიდუალური საბონუსე სისტემა. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პერსონალური უვადო ბარათი #sbmcard, სეზონის განმავლობაში მასზე დაირიცხება პირადი ბონუსები გატანილ გოლებზე, საგოლე გადაცემებზე და მოგერიებულ 7/10 მეტრიან საჯარიმო დარტყმებზე, რომელთა განაღდებაც #sbmstore-ის მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ფილიალში იქნება შესაძლებელი. ამავე ბარათით მოთამაშეები #sbmstore-ში 16%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Sbm.ge გთავაზობთ წილისყრის შემდგომ კომენტარებს:
ირაკლი ქარჩავა, შსს: „ყველას გილოცავთ მეთექვსმეტე სეზონის დაწყებას. მივესალმები დებიუტანტ გუნდებს. მათი ჩართულობით ტურნირი უფრო საინტერესოა. ტიტულს დავიცავთ აუცილებლად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. პირველ ტურში ენერგო-პროს ვეთამაშებით, ძალიან კარგი გუნდია და შარშანდელი ჩემპიონები არიან. შემართებით ვართ, დიდი ხანია ვვარჯიშობთ. ევროპის ბიზნეს თასზე ჩვენს ასპარეზობასაც დადებითად შევაფასებდი. დავიჩაგრეთ იმაში, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ავად გახდა, რაც სამდღიან ტურნირზე დიდი დანაკლისია. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რესურსი აღარ გვეყო და მეოთხედფინალში გამოვეთიშეთ ჩემპიონატს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო და შემდეგში ვეცდებით უკეთესი შედეგი დავდოთ“.
რევაზ ბერიძე, McGill: „როგორც დღეს დავთვალეთ, მეთორმეტე სეზონია ჩემთვის, რაც ნამდვილად არ არის ცოტა. ბედნიერები ვართ, რომ წელსაც ვიღებთ ჩემპიონატში მონაწილეობას, რადგან ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი გავიცანით და დავიმეგობრეთ. წარმატება მინდა ყველა გუნდს ვუსურვო და ვურჩიო ერთი რაღაცა, რაც ჩვენი ამდენწლიანი გამოცდილებით ვისწავლეთ - სიამოვნება მიიღეთ ტურნირში მონაწილეობით და ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობით“.
ალეკო გარუჩავა, ენერგო-პრო: „ამაღლებული განწყობა გვაქვს ნამდვილად. ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას. უკვე მეშვიდე წელია, რაც ვმონაწილეობთ და ყოველწელს ახალი საინტერესო რაღაცები ემატება. ძალიან მიხარია, რომ ასეთ მეგობრულ გარემოში გვიწევს ჩვენთვის საყვარელი სპორტით გართობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებით, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლის ჩემპიონობა გვინდა გავამყაროთ. ახალი მოთამაშეებიც დაგვემატნენ და გვჯერა, რომ კარგ შედეგებს ვაჩვენებთ“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთექვსმეტე სეზონი სტარტს 5 ნოემბერს აიღებს.