ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონი იწყება!
ყველა სიახლე5 ნოემბერს სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე სეზონი აიღებს სტარტს.
ამასთან დაკავშირებით სასტუმრო „Radison Red“-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.
SBMLeague, რომელიც 2008 წელს დაარსდა, კორპორატიული სამოყვარულო ჩემპიონატია მინი ფეხბურთში; წელს მასში 31 ორგანიზაციის სამოყვარულო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
#16SBMLeague მოიცავს როგორც ძირითად ტურნირს, ასევე საკვალიფიკაციო ლიგას და გრანდ ლიგას. გასული სეზონის მსგავსად, ძირითად ტურნირში, რომელიც A და B ჯგუფად იყოფა, ლიგის რეიტინგში საუკეთესო შედეგის მქონე 16 გუნდი იასპარეზებს. გრანდ ლიგაში 35+ ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები ითამაშებენ, საკვალიფიკაციო ლიგაში კი სხვადასხვა ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის ის გუნდები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც პირველად თამაშობენ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ან ვერ ხვდებიან რეიტინგის საუკეთესო 16 გუნდში.
წილისყრის შემდეგ გუნდებს სატურნირო ცხრილში პირობითი ნომრები მიენიჭათ და პირველი ტურის წყვილები გამოვლინდნენ:
გრანდ ლიგა: არმია VS ბაქსვუდი, უკრაინა VS ინვესტორ საინი, ელპოზო VS ავერსი (პირველ ტურში არ ითამაშებს მაკგილი).
A ჯგუფი: ჯორჯიან მანგანეზი VS TTC, ბაქსვუდი VS კროკობეთი, საქართველოს ბანკი VS ნიკორა, ენერგო-პრო ჯორჯია VS შინაგან საქმეთა სამინისტრო.
B ჯგუფი: DHL VS ფარვანა, ბანკი ქართუ VS ლიბერთი ბანკი, ელპოზო VS NS Studio, რუსთავის აზოტი VS ავერსი.
საკვალიფიკაციო ლიგა: სფეისი VS ტერაბანკი, შიშეჯამი VS მთავარი არხი, ბაზისბანკი VS ლაქტალიზი, E-Team VS თბილავიამშენი.
A და B ჯგუფში რეგულარული სეზონი ერთ წრედ წარიმართება. რის შემდეგაც, რვავე გუნდი მეოთხედფინალში განაგრძობს ასპარეზობას. A ჯგუფის პლეიოფში გამარჯვებულები სუპერლიგის ნახევარფინალში გადავლენ, წყვილში დამარცხებულები ოქროს ლიგის მოსაგებად იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფში - გამარჯვებულები ვერცხლის ლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდებიან, დამარცხებულები კი ბრინჯაოს ლიგის პრიზიორობისთვის ითამაშებენ.
გრანდ ლიგის და საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები ბიზნესის ჩემპიონა ლიგის თასის "Friends Cup"-ის გათამაშებაში გადაინაცვლებენ.