"თსუ 2"-მა და "სეუ"-მ დაძაბულ მატჩში ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
29 ოქტომბერი 2023

სპორტკოპლექს „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები „თსუ 2“ და „სეუ“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა, სატურნირო ცხრილში კი UG ერთპიროვნულად გალიდერდა.

მეცხრე წუთზე ლუკა ბერიაშვილის გატანილ გოლს „თსუ“-ს რიგებიდან ილარიონ ფიფიამ მალევე უპასუხა და პირველ ტაიმში გუნდები ფრეზე გაიყარნენ. მეორე ნახევარში გეგა კოშაძის გოლით „თსუ“ წინ გავიდა, მაგრამ დარჩენილ დროში სანდრო ობოლაძემ წონასწორობა აღადგინა და „სეუ“-ს ქულა შეუნარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ომარ ასაშვილი, სეუ: „ძალიან კარგი თამაში გვაჩვენა მეტოქემ, ბოლომდე იბრძოლა და მადლობა ამისთვის. ჩვენ გუნდშიც ყველა ბოლომდე დაიხარჯა. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა. თამაშში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ერთი ნაბიჯი დავაკელით და ფრედ დასრულდა. წინ რომ გავედით, ცოტა მოვეშვით, დავიჯერეთ თითქოს რომ ყველაფერი მარტივად იქნებოდა, მაგრამ არ არის ეს ის სპორტი, მოეშვა. ერთი წამის ამბავია ყველაფერი და ასეც მოხდა, დაგვიტრიალდა ანგარიში. გვინდოდა პირველი წრე უდანაკარგოდ ჩაგვემთავრებინა და დასანანია ქულების დაკარგვა. ვეცდებით ყველა დარჩენილ შეხვედრაში სამი ქულა ავიღოთ“.

ნიკა ნოზაძე, თსუ 2: „მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ძირითადი ბირთვი იგივე ვართ, სეზონის სტარტი მაინც რთულია. აღვნიშნავ, რომ „სეუ“ მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია და ძალიან გაგვიჭირდა დღევანდელ თამაშში, ალბათ ცოტათი გვაჯობეს კიდეც, ამიტომ ფრეც ცუდი შედეგი არ არის. სატურნირო ცხრილის სათავეში ის სამი გუნდია, რომელიც უნდა იყოს და იმსახურებს. შემდეგი თამაში UG-სთან გვაქვს, ვეცდებით გავიმარჯვოთ და ცხრილში გავლიდერდეთ. სეზონი დიდია და ნელ-ნელა უფრო შევალთ ფორმაში“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოთხე ტური 4 ნოემბერს თბილისში და 7 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024