UG-მ ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
29 ოქტომბერი 2023

UG-მ ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ტურის მატჩში „საქართველოს უნივერსიტეტმა“ „დინამო“ დიდი ანგარიშით 7-2 დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის ლიდერებში ადგილი გაიმყარა.

მატჩი საწყისი წუთებიდანვე „სტუდენტების“ სასარგებლოდ წარიმართა და UG მეორე ნახევარს ხუთბურთიანი უპირატესობით შეხვდა. თამაშის განახლებიდან მალევე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ოცდამეოთხე წუთზე სპარტაკ ლომიძემ აქტივში მეოთხე გოლი მიითვალა. საფინალო სირენამდე „დინამოელებმა“ პრესტიჟის გოლი გაიტანეს და საბოლოოდ ორი ბურთი გაქვითეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დათო ხუბუტია, დინამო: „ძალიან რთული თამაში იყო, UG კარგი გუნდია. ბევრი ვარჯიშიც არ გვაქვს და შეთამაშება გვაკლია წინა წელთან შედარებით. ახალი გუნდი ვართ და ბოლო ორი თამაშია ამ პროცესში ვართ. დრო გვჭირდება და ისევ ძლიერი დინამო დავბრუნდებით. დღეს ძალიან დიდი დანაკლისით ვიყავით, ბევრი მოთამაშე გვაკლდა. ფაქტია, რომ პირველ ტაიმში მიღებული ხუთი გოლი ფსიქოლოგიურად მეორე ტაიმში გადაგვყვა".

სპარტაკ ლომიძე, UG: „დღეს მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები და შევაგდეთ გოლები. დინამო ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და ამ ანგარიშს არ ველოდი. ჩვენც დიდი დანაკლისით ვიყავით, მეტი სხვაობით მოგებაც შეიძლებოდა. სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და იმედია ასე გავაგრძელებთ. პირველი ტაიმის შემდეგ დავრწუმნდით, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია მსგავსი ანგარიშით მოგება. ბოლოს ცოტა მოვდუნდით და გოლებიც ამიტომ მივიღეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში „თსუ 2“ „სეუ“-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024