გარდამავალ ბრძოლაში "UG2"-მა "აწსუ"-სთან ანგარიში ბოლო წუთებზე გაათანაბრა!

ყველა სიახლე
28 ოქტომბერი 2023

გარდამავალ ბრძოლაში

სპორტ კომპლეს „არენა 2“-ში გამართული ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი სათამაშო დღე „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ის დაპირისპირებით დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2.

გურამ მუმლაძემ „UG2“ შეხვედრის მეექვსე წუთზე დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე „აწსუ“-მ ამირან ონიანის გოლით წონასწორობა აღადგინა, ცოტნე ციბაძემ კი „აწსუ“ წინ გაიყვანა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლექსო კვინიკაძემ ანგარიში გაათანაბრა და „UG“-ის ქულა შეუნარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გურამ ბუხრაშვილი, აწსუ: „მატჩი საინტერესო და დაძაბული იყო, ორივე გუნდს გვქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა მეკარეებმა იყოჩაღეს და მატჩი ფრედ დასრულდა. ორი გამოცდილი მოთამაშე გვაკლდა დღეს, რომლებიც მომდევნო შეხვედრაში უკვე მზად იქნებიან. ვიმედოვნებთ, რომ უფრო ძლიერები და მობილიზებულები დავბრუნდებით. მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ამ მომენტებს გამოვიყენებდით და მოვიგებდით".

ლექსო კვინიკაძე, UG2: "პირველ რიგში, ვულოცავ ფუტსალის მაყურებელს ლიგა 3-ის სეზონის დაწყებას. ემოციები აისახა ტაბლოზეც, თავიდან ბოლომდე საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა. ვინც დაესწრო მატჩს, ნამდვილად იგრძნობოდა ეს დაძაბულობა თავიდან ბოლომდე. თამაშის მიწურულს ორივე გუნდს თანაბრად შეგვეძლო მოგება. ჩვენი მიზანი მოგება და ფინალში გასვლაა".

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის 3 და 4 ნოემბერს თბილისში და 7 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024